ნელსონ მანდელას ნივთები აუქციონზე გაიყიდება - თანხით მისი სახელობის თავისუფლების ბაღი გაშენდება

სამხრეთ აფრიკის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას ოჯახი აპარტეიდთან ბრძოლის ლიდერის პირად ნივთებს აუქციონზე გასაყიდად გამოიტანს. Reuters-ის ცნობით, მიღებული თანხით ოჯახი მანდელას სახელობის მემორიალურ ბაღს გააშენებს.

ასამდე ნივთს შორის არის Madiba-ს ფერადი პერანგები, რომლებიც მას ოფიციალურ ღონისძიებებზე, მათ შორის 1998-2003 წლებში ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტთან შეხვედრის დროს ეცვა.

„ამ პერანგებმა სიხარული მოუტანა დიდ ლიდერს და სხვა პოლიტიკოსებისგან გამოარჩია,“ - აცხადებს ნიუ იორკის Guernsey's-ის აუქციონის სახლის პრეზიდენტი, არლან ეტინგერი.

გასაყიდ ნივთებს შორის არის აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას და სხვა სახელმწიფო ლიდერების საჩუქრები, ასევე, მანდელას სათვალეები, პორტფელები და შარვლები.

ნელსონ მანდელას თავისუფლების ბაღი (Nelson Mandela Freedom Garden) სამხრეთ აფრიკის ქალაქ ქუნუში გაშენდება, სადაც ის დაკრძალულია. მანდელა 2013 წელს, 95 წლის ასაკში იოჰანესბურგში გარდაიცვალა.

დოქტორ მაკაზივე მანდელა აცხადებს, რომ მამამისს აღმოსავლეთ კონცხზე, სადაც ის დაიბადა, ტურიზმის განვითარება სურდა, ამიტომ ამ საქმის განხორციელებაში პასუხისმგებლობას გრძნობს. ბაღის გაშენების პირველი ფაზა დასრულებულია.

mandela1-1634293993.jpg

მანდელას 10 პერანგი აუქციონამდე ნიუ იორკის მოდის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მუზეუმში, სამი კვირის განმავლობაში გამოიფინება. მუზეუმის დირექტორის მოადგილე, პატრიცია მირსი აცხადებს, რომ ეს სხვადასხვა აუდიტორიისა და სტუდენტების აღზრდისა და შთაგონების საშუალებაა.

პერანგებს სახელი „Madiba“ მანდელა კოსას კლანის პატივსაცემად უწოდეს, რომელსაც ნელსონ მანდელა განეკუთვნებოდა. ეს თავისუფალი სტილის პერანგებია, რომლებსაც ინდონეზიასა და მალაიზიაში ატარებენ. ერთ-ერთი მათგანი მანდელას ინდონეზიის ყოფილმა პრეზიდენტმა, სუჰარტომ 1990 წელს აჩუქა, როცა ის 27-წლიანი პატრიმრობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს.

აუქციონის ნივთებს შორის არის 4-გვერდიანი წერილიც, რომელიც ნელსონ მანდელამ კუნძულ რობენის საპატიმროში, 1976 წელს დაწერა. წერილი ციხის უფროსისადმი არის მიწერილი და მასზე მაშინდელი ადმინისტრაციის ბეჭედია დასმული.

ონლაინ აუქციონი 11 დეკემბერს გაიმართება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ