თურქეთმა აზერბაიჯანთან 11 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვაზე სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ განცხადება თურქეთის ენერგეტიკის მინიტრ ფატიჰ დონმეზმა გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანამ ბუნებრივი აირის დამატებითი მიწოდების უზრუნველყოფაში „მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.“
Reuters-ის შეფასებით, მიმდინარე წელს ბუნებრივ გაზზე რეკორდული მოთხოვნა თურქეთს აიძულებს, შესყიდვები გააძლიეროს და გრძელვადიანი კონტრაქტები განაახლოს, რომლის ვადაც ზამთარში იწურება.
ფატიჰ დონმეზი აცხადებს, რომ ხელშეკრულებით, თურქეთი 2024 წლამდე 11 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით მიიღებს. თუმცა მინისტრის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს თურქეთი გლობალური დეფიციტის ფონზე ენერგეტიკულ პრობლემებს აწყდება.
„ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა, სავარაუდოდ, გაიზრდება. იმ ქვეყნების მთავრობები, სადაც გაზს ვყიდულობთ, აცხადებენ, რომ თურქეთისთვის მიწოდებული გაზის მოცულობას გაზრდიან,“ - აცხადებს მინისტრი აზერბაიჯანთან დადებულ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით.
Reuters წერს, რომ თურქეთი, როგორც ევროპაში გაზის ერთ-ერთი უმსხვლესი იმპორტიორი ქვეყანა, ძირითადად, რუსეთისა და ირანის გაზსადენებზე არის დამოკიდებული, რასაც აზერბაიჯანის გაზსადენიც ემატება. ამასთან, თურქეთი ეწევა თხევადი გაზის იმპორტს ნიგერიიდან და ალჟირიდან. მთლიანობაში ქვეყანას იმპორტზე ოთხი გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს დადებული, რომელთა მოცულობაც ყოველწლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრს აღწევს და რისი ვადაც წელს იწურება.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვმა Reuters-ს განუცხადა, რომ აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა ახალ ხელშეკრულებას შაჰდენიზ 1-ის საზღვაო საბადოდან თურქეთისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ. საკონტრაქტო ვადის ამოწურვის გამო შაჰდენიზ 1-ის გაზი თურქეთს აპრილიდან აღარ მიეწოდებოდა.
ფატიჰ დონმეზი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს თურქული მხარე ბუნებრივ გაზს უფრო ძვირად ყიდულობს. მინისტრი, ასევე, უარყოფს იმ ცნობას, რომ თურქეთი სახელმწიფო კომპანიების, Turkiye Petrolleri-სა და BOTAS-ის გაყიდვას აპირებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ