Nokia-მ ლეგენდარული brick-phone ოცი წლის შემდეგ „გააცოცხლა“

მობილური ტელეფონების მწარმოებელი ფინური კომპანია Nokia ლეგენდარულ brick-phone-ს (აგურის ტელეფონს) 20 წლის შემდეგ გაყიდვაში აბრუნებს. მისი ფასი 59,99 ფუნტი სტერლინგი იქნება. აქვს მხოლოდ FM-რადიო და ტრადიციული თამაში, Snake და არანაირი სოციალური ქსელი არ გააჩნია.

„ვისაც სმარტფონისგან თავის დაღწევა სურს, მათთვის brick-phone შესანიშნავი შესაძლებლობაა,“ - წერს პორტალი Brinkwire.

Nokia-ს ახალ brick-ს განახლებული ეკრანი და დამუხტვის ერთკვირიანი ხანგრძლივობის ბატარეა აქვს. 20 წლის იუბელეს აღსანიშნავად, Nokia 6310-ს თანამედროვე დიზაინი სამ ახალ ფერში არის წარმოდგენილი. ესენია: შავი, მუქი მწვანე და ყვითელი. მობილური ტელეფონი, ასევე, აღჭურვილია 2,8-დიუმიანი დიაგონალის ეკრანით, რაც, ძველ ვერსიასთან შედარებით, ორჯერ მეტია.

მართალია, განახლებულ Nokia 6310-ს TikTok, Instagram და ინტერნეტის არცერთი პროგრამა არ გააჩნია, მაგრამ, სამაგიეროდ, აქვს FM-რადიო, რომლის ჩართვაც ახლა უკვე ყურსასმენის გარეშე არის შესაძლებელი.

„Nokia 6310-ის ორიგინალური ვერსია თავისი გამძლეობით განთქმული იყო, რისგანაც განახლებული მოდელი არაფრით განსხვავდება, რადგან მას პოლიკარბონატის ულტრაძლიერი გარსი აქვს,“ - წერს Brinkwire, რომელიც ხაზს უსვამს, რომ Nokia 6310-ის ორიგინალურ ვერსიას, სიმარტივისა და სიმტკიცის გამო, მოგზაურები და ბიზნესმენები დღემდე იყენებენ.

„ეგრეთ წოდებული, მუნჯი ტელეფონები სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან ადამიანები მუდმივი კავშირისგან თავის დაღწევას ცდილობენ,“ - წერს Brinkwire.

პორტალის შეფასებით, კორონაპანდემიის დროს ინტერნეტისა და სმარტფონების გამოყენება 50-70%-ით გაიზარდა. ბევრი მომხმარებელი სოციალურ მედიაზე დამოკიდებულებით შეშფოთებულია, რადგან ყოველდღიურად თავის ტელეფონს, საშუალოდ, 58-ჯერ ამოწმებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ