თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების წესი მარტივდება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების წესი მარტივდება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის ვიცე-მერმა ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების ახალი წესი ინერგება, რომელიც მოქალაქეთა ინტერესებზე მორგებული ხდება. მისი თქმით, თბილისის მერიის "ქონების მართვის სააგენტო" პირველ ინტერნეტ აუქციონს დღეს გამოაცხადებს, რომელზეც საკუთრების უფლების ფორმით გასასხვისებლად 58 ერთეული ლოტია გამოტანილი.

"თუ აქამდე აუქციონი მხოლოდ ერთდღიანი იყო, ამიერიდან ის რამდენიმე დღე გასტანს. დაინტერესებულ პირს შეეძლება ვაჭრობა აუქციონის გამოცხადების პირველივე დღეს დაიწყოს და აუქციონის ვადის ამოწურვამდე ივაჭროს. აუქციონის ვადას ყოველ კონკრეტულ აუქციონზე თბილისის მთავრობა განსაზღვრავს და 5-დან 45 დღემდე გასტანს. კანონმდებლობაში ცვლილებების შესვლამდე, აუქციონზე განაცხადის შეტანის ვადა თბილისის მთავრობის მიერ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 15 დღის, ხოლო მოძრავი ქონების/წილის შემთხვევაში არანაკლებ 5 დღის ვადით განისაზღვრებოდა", - განაცხადა მარგიშვილმა.

მისივე თქმით, გრძელვადიანი პერიოდი მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, თვალყური ადევნოს ვაჭრობის პროცესს და მხოლოდ ერთ დღეზე არ იყოს დამოკიდებული. "იყო შემთხვევები, როდესაც განაცხადის შემოტანის შემდეგ, ვაჭრობის დღეს, გარკვეული მიზეზების გამო, მსურველები ვეღარ იღებენ აუქციონში მონაწილეობას. ახლა, როდესაც ვაჭრობის პროცესი გახანგრძლივდა, მომხმარებელს ნებისმიერი დროს შეეძლება ვაჭრობაში ჩართვა. დაინტერესებულ პირს შეუძლია შევიდეს საიტზე www.iauction.ge აირჩიოს მისთვის სასურველი ლოტი და ჩაერთოს ინტერნეტ აუქციონში", - განაცხადა მარგიშვილმა.