რესტორნებს „მწვანე ზონაში“ ჩართვის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი ან უნდა შეუმცირდეს ან მთლიანად გაუუქმდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში - შოთა ბურჯანაძე

„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, რესტორნებს „მწვანე ზონაში“ ჩართვის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი გარკვეული რაოდენობით უნდა შეუმცირდეს ან მთლიანად გაუუქმდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

„ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა, რომელიც მომავალი კვირეებისა და დღეების განმავლობაში თუ არ გაუმჯობესდება, რეგულაციებში გამკაცრებას ველოდებით. ჩვენ დიდი ხანია საუბარი გვაქვს „მწვანე ზონებზე“. შრომის უსაფრთხოების სამსახურთან გვქონდა შეხვედრა, მაგრამ ამის შემდეგ ეს თემა არ დაძრულა. შეთანხმება მივიღეთ, რომ ბიზნესოპერატორის მიერ „მწვანე ზონასთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ნებაყოფლობითი იქნება და ასეთ შემთხვევაში რესტორანში საზოგადოების ის ნაწილი დაიშვება, ვინც 2-ჯერ ვაქცინირებულია, PCR-ის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგით, ან კორონავირუსი ბოლო 6 თვის განმავლობაში აქვს გადატანილი. ეს თუ არ განხორციელდა, სულ ერთ წრეზე ვივლით, რამდენიმე დღეში თუ კვირაში კოვიდრეგულაციების გამკაცრება ისევ იქნება და შესაძლებელია რომელიმე სფერო ისევ დაიკეტოს. გამომდინარე აქედან, როგორც სხვა ქვეყნებშია, ჩვენც ეს საკითხი გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა განვიხილოთ. დაახლოებით 2 კვირის წინ უნდა შექმნილიყო „მწვანე ზონის“ შექმნის შესაძლებლობა, თუმცა საარჩევნო სიტუაციის გამო გადაიდო“, - განაცხადა ბურჯანაძემ.