ლაიბნიცის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის გერმანელმა მეცნიერებმა მეწამული ფერის პომიდორი გამოიყვანეს. ინფორმაციას პორტალი SEEDS ავრცელებს.
ინსტიტუტი ექსპერიმენტებს მცენარეების გენეტიკურ მოდიფიკაციებზე ატარებს. მეცნიერთა ერთ-ერთი ამოცანა არის მცენარეების ფუნქციების გაფართოება, რათა მათ ბუნებრივად უჩვეულო ახალი ნივთიერებების სინთეზირება შეძლონ.
პომიდორმა ეს ფერი წითელი ჭარხლის ბეთანინისა და რამდენიმე სხვა მცენარის სინთეზის შედეგად მიიღო. ამ ექსპერიმენტის მიზანი პომიდვრის ახალი ჯიშის გამოყვანა კი არა, გენეტიკური ინჟინერიის მეთოდების გაუმჯობესება იყო.
„მცენარეები სამედიცინო დანიშნულების ახალი ნივთიერებების მისაღებად კარგი სისტემით ხასიათდებიან. წამლებისა და ვაქცინების შექმნას სწორედ მცენარეების გენეტიკური მოდიფიკაციის ექსპერიმენტები ეხმარება,“ - წერს SEEDS.
ეფექტის მისაღწევად მეცნიერებმა პომიდვრის კოდს ოთხი ახალი გენი და რამდენიმე გენური გადამრთველი დაამატეს, რამაც შესაძლებელი გახადა, მეწამული ფერი მთელ მცენარეს კი არა, მხოლოდ მის ნაყოფს მიეღო.
„მართალია, ექსპერიმენტი მხოლოდ მეცნიერულ მიზნებს ემსახურებოდა, მაგრამ მეწამული ფერის პომიდორი კვებისთვისაც საკმაოდ ვარგისიანი გამოდგა,“ - წერს პორტალი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ