ცოტა ხნის წინ ხორვატიაში მსოფლიოში პირველი ე.წ. „დისტანციური სოფელი“ გაიხსნა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩავიდეს, ვინც სახლიდან მუშაობს.
Euronews-ის ინფორმაციით, სოფელი ზადარი ხორვატიის ცენტრალურ ნაწილში ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ზადარი ხორვატიის უძველესი დასახლებული პუნქტია, რომელიც ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროს დაარსდა. ზაფხულის პერიოდში აქ უამრავი ტურისტი ჩადის კულტურული ობიექტების დასათვალიერებლად და ადგილობრივი ზღვის პროდუქტების დასაგემოვნებლად.
გამოცემა წერს, რომ პანდემიის დაწყების დღიდან სახლიდან მუშაობა განსაკუთრებით ინტენსიური გახდა. ბევრმა ადამიანმა გაიაზრა, რომ საქმის გაკეთება სახლიდანაც მარტივად შეუძლია და სულაც არ არის ოფისში მისვლა საჭირო.
ტურისტების რაოდენობის მკვეთრად შემცირების ფონზე, ხორვატიამ გადაწყვიტა ის ადამიანები მოეწვია, ვისაც სურვილი ექნებოდათ უცხო ქვეყანაში ემოგზაურა და იქიდან ემუშავა.
ამისათვის ხორვატიამ „დისტანციური მომთაბარეებისათვის“ სპეციალური სავიზო პირობები დააწესა. პირები, რომლებიც ამ მიზნით ხორვატიაში ჩავლენ, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან.
სპეციალური შეთავაზების მსურველებისთვის სოფელში სპეციალური სახლები მოეწყო, სადაც მათ 1 კვირის განმავლობაში დარჩენაში 130 ევრო უნდა გადაიხადონ. სახლის ერთი თვით ქირაობის გადასახადი 520 ევროა, მაშინ როდესაც სტანდარტულ შემთხვევაში იმავე ზომის სახლის დაქირავება მინიმუმ ორმაგი დაჯდებოდა.
„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს პროექტი განვახორციელეთ, არის ის, რომ ხორვატიის ტურიზმის სფერო მთლიანად ზაფხულზეა დამოკიდებული. წლის დანარჩენი პერიოდი კი, ტურიზმი უხეშად რომ ვთქვათ „მკვდარია“- ამბობს მარიო მრკსა, „დისტანციური სოფლის“ იდეის ერთ-ერთი ავტორი.
ის არ გამორიცხავს, რომ იდეის წარმატების შემთხვევაში ხორვატიაში სხვა არაერთი მსგავსი პროექტი განხორციელდეს.