ევროპის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები პანდემიამდელ მდგომარეობას უბრუნდებიან - როგორია მათი სამომავლო გეგმები

9/11-ის ტრაგედიის შემდეგ 2020 და 2021 წლები ავიაციისთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა. მსოფლიოს მასშტაბით დაიხურა აეროპორტები, გაკოტრდნენ ავიაკომპანიები და თითქმის შეჩერდა საერთაშორისო ტურისტული ავიარეისები.

Euronews-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ნაწილობრივ აღდგა ტურიზმის სფერო და ავიაკომპანიებმაც რეგულარული ავიარეისები განაახლეს.

თუმცა, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის შეღავათიან ფასებზე დაბრუნება ნამდვილი გამოწვევა აღმოჩნდა. ბევრი მათგანი გაკოტრების საფრთხის წინაშეა.

გამოცემა წერს, რომ რამდენიმე დღის წინ მილანში World Routes 2021-ზე მსოფლიოს უმსხვილესი ავიაკომპანიები შეიკრიბნენ და ინდუსტრიის მომავლის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის დროს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ფრენებზე ჯავშნები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ისინი პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას, შესაძლოა, რამდენიმე თვეში დაუბრუნდნენ.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Rayanair-მა ამ დროისთვის ფრენები 2 100 მიმართულებით უკვე აღადგინა, უახლოეს მომავალში კი მათ კიდევ 500 მიმართულება დაემატება.

კომპანიის დირექტორმა ჯეისონ მაკგინესმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ კრიზისის გამო ფასები სტანდარტულთან შედარებით მაღალია, თუმცა მომავალში მათი გაიაფებაა დაგეგმილი.

ამასთან, კომპანია მომავალში ცენტრალური აზიის მიმართულებით არაერთი მიმართულების დამატებასა და რეგიონის ტურისტული მიმართულებების უკეთ ათვისებას გეგმავს.

რაც შეეხება ავიაკომპანია Wizz Air-ს, კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი რამდენიმე წელში კიდევ 4 600 პილოტს დამატებით დაასაქმებენ, 2030 წლისთვის 2-ჯერ მეტი მიმართულებით იფრენენ, ვიდრე ეს კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იყო.

ბექა ბერიაშვილი