ბოლო ერთ კვირაში ლარი დაახლოებით 5-6 პუნქტით გაუფასურდა

ახალ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი დღეს დაადგენს

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დოლართან მიმართებაში ლარი დაახლოებით, 5-6 პუნქტით გაუფასურდა. დღეის მდგომარეობით, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების უმეტესობაში მომხმარებელს 1 დოლარის ყიდვა 1.91-დან 1.93 ლარის ფარგლებში შეუძლია. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დოლარს 1.87-დან 1.90 ლარის ფარგლებში იბარებენ.

როგორც სავალუტო ჯიხურების მეპატრონეები ამბობენ, დოლარის კურსმა მატება ახალი წლის პერიოდში ნელ-ნელა დაიწყო, კერძოდ, 5 იანვარს გაცვლითი კურსი 1.86 ლარი იყო, 7 იანვარს - 1.87 ლარი, 9 იანვარს - 1.88, დღეს კი 1.90 ლარს აცდა. სავალუტო ჯიხურების მეპატრონეების ნაწილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მომხმარებლები დოლარს უფრო აბარებენ, ვიდრე ყიდულობენ, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ ყიდვა-გაყიდვა შემცირებულია. სავალუტო ჯიხურის ზოგიერთი მეპატრონე კი ბაზარზე დოლარის დეფიციტზე საუბრობს.

ლარმა გაუფასურება გასული წლის ნოემბერის ბოლოდან დაიწყო. 2013 წლის 1-ელ ნოემბერს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1,67 ლარი იყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი 10 იანვარის ოფიციალური კურსის მიხედვით, 1 დოლარის შეძენა 1.90 ლარად არის შესაძლებელი. ახალ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი დღეს დაადგენს.