აფხაზეთში 2016 წლიდან დღემდე კრიპტოვალუტის 66 857 მაინინგ-აპარატურა შევიდა - აფხაზები „საზღვარზე“ ტვირთების მოძრაობას ვერ აკონტროლებენ

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის განკარგულების შემდეგ, რომელიც კრიპტოვალუტის მაინინგ აპარატურის იმპორტს კრძალავს, ფსოუს ე.წ. საბაჟო პუნქტზე 63 მოწყობილობა იქნა ამოღებული. ამის შესახებ დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ ხეციამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რასაც აფხაზეთის ტელევიზია ავრცელებს.

ხეციას თქმით, 2016 წლიდან დღემდე აფხაზეთში 66 857 მაინინგ მოწყობილობა შევიდა, ხოლო 27 124 ერთეული, ანუ დაახლოებით 40% გავიდა. ხეცია აღიარებს, რომ დე ფაქტო საბაჟო კომიტეტი ტექნიკური აღჭურვილობით მეტად ჩამორჩება და დიდი ტვირთების სკანირების აპარატურა მალე ექნებათ.

„ეს ჩვენთვის ყველაზე აქტუალური საკითხი. საზღვარზე სამუშაოს სრულად განსახორციელებლად საჭიროა საბაჟო კონტროლის ტექნიკური საშუალებები. სამწუხაროდ, ჩვენ ისინი არ გვაქვს. მაგალითად, კონტრაბანდულ ტვირთზე მძიმე სატვირთო მანქანის შესამოწმებლად, მთელი მანქანის ჯერ გადმოტვირთვა, შემდეგ კი ისევ დატვირთვა გვიწევს,“ - აცხადებს ოთარ ხეცია.

მისი თქმით, რუს კოლეგებს აქვთ სკანერები, რომელზეც ჩანს, თუ რა სახის ტვირთს ატარებს მძიმე ტრანსპორტი.

„ჩვენ მივმართეთ რუსეთის ხელმძღვანელობას და ურთიერთგაგებას მივაღწიეთ. იმ ქარხანაზე გავედით, სადაც ასეთი ტექნიკა იწარმოება და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ეს საშუალებები ჩვენს საზღვარზე იფუნქციონირებს,” - ამბობს ხეცია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ