„ქვეყნიდან კადრების გადინება მოხდა“ - სამკერვალო „იმერი“ ახალ თანამშრომლებს ეძებს

ქართული სამკერვალო „იმერი“ ახალ თანამშრომლებს ეძებს. როგორც კომპანიის დირექტორი მაია სიმონიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მათი კადრების ნაწილი ქვეყნიდან წავიდა, შესაბამისად, 500-მდე დასაქმებული, 400 ადამიანამდე შემცირდა.

„ახლა ვმუშაობთ თანამშრმელთა რაოდენობის გაზრდაზე. ჩართული ვართ ამ პროცესში, ვხვდებით ადამიანებს, რომ დასაქმება გავზარდოთ. ამ დროისთვის 400-მდე დასაქმებული გვყავს, მაშინ, როდესაც 500-მდე ვიყავით. ძალიან ბევრი მიდის საზღვარგარეთ და ამის გამო შეიქმნა კადრების დეფიციტი. ქვეყნიდან კადრების გადინება მოხდა“,-ამბობს მაია სიმონიძე.

მისი თქმით, მიუხედავად პანდემიისა, „იმერი“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ახალი ბრენდების დამატებასაც გეგმავს. კერძოდ, კომპანიას თანამშრომლობა უკვე უნდა დაეწყო „მონკლერთან“. თუმცა როგორც მაია სიმონიძე ამბობს, იტალიური ბრენდის გაფართოვება პანდემიის გამო გაჭიანურდა.

„მონკლერი“ გეგმავს გაფართოვებას და ვეღარ მოახერხეს პანდემიის გამო. ამიტომ, ჩვენი თანამშრომლობა ჯერ კიდევ ვერ შედგა. ველოდებით მათ პასუხს. მანამდე კი, ძველებურად ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი მთავარი პარტნიორი ისევ გერმანული კომპანია „ლებეკია“ და ასევე, ვამზადებთ „მარკ სპენსერის“ შეკვეთებს“,- ამბობს მაია სიმონიძე.

ცნობისთვის, „იმერის“ პროდუქციის 95% ექსპორტზე ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გადის. დარჩენილი 5%-ის რეალიზება კი ადგილობრივ ბაზარზე ხდება. სამკერვალო კომპანია „იმერი“ 1997 წლიდან თანამშრომლობს გერმანულ კომპანია "ლებეკთან", რომელიც დღემდე მისი ერთ-ერთ უმსხვილესი და უმთავრესი პარტნიორია.

ნინი ქეთელაური