შეჩერებული და განახლებული კორპუსები - ვინ აკონტროლებს მშენებლობის ხარისხს?

”ალბათ, თბილისი მსოფლიოში ერთადერთი ქალაქია, სადაც მშენებლობა ყოველგვარი შემოწმების გარეშე მიმდინარეობს”.

ქვეყანაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ხარისხს ფაქტობრივად, არც ერთი ოფიციალური უწყება არ აკონტროლებს. მოქმედი კანონმდებლობით, შენობის მდგრადობაზე, საიმედოობასა და სიმტკიცეზე პასუხისმგებლობა მშენებლობის დამკვეთს ეკისრება. ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე, სოკოსავით ამოსულ ახალაშენებულ, თუ მშენებარე კორპუსებში ბინის შეძენის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია, თუმცა იშვიათია, რომ ბინის შეძენამდე მყიდველი შენობის ხარისხით ან საიმედოობით დაინტერესდეს.

სანამ სტატიაზე მუშაობას დავიწყებდი მრავალჯერ ნანახი მშენებარე კორპუსები კიდევ ერთხელ შევათვალიერე. განსაკუთრებით თვალშისაცემია თხელი კედლები.

”უკვე ხუთი წელია, რაც ახალ აშენებულ მრავალბინიან კორპუსში ვცხოვრობ. მყარია თუ არა, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან არ შემიმოწმებია, მაგრამ ახალ კორპუსში კანალიზაცია პირველსავე წელს რომ გასკდება, კორპუსის საძირკველში წყალი რომ ჩადგება და კომპანია პრობლემის მოგვარებას დროზე ვერ უზრუნველყოფს, ამას რა ჰქვია? ერთი შეხედვით ბინის კედლები თითქოს ნორმალური სისქისაა, მაგრამ ზამთარში სითბოს ვერ ინარჩუნებს და იმხელა გადასახადი მომდის, რომ ზამთრის დადგომის მეშინია. არადა, ჩემი მშობლები ძველ, ჩეხური პროექტის ბინაში ცხოვრობენ, გაზის ერთი გამათბობელი აქვთ არცთუ პატარა ბინაში და ბევრად უფრო თბილა”, - გვითხრა ხატია გვარმიანმა.

გიორგი, 45 წლის:

”საკმაოდ მაღალი ფასი აქვს ბინებს ახალ აშენებულ კორპუსში. თანხას შეაკოწიწებ, ბანკის ვალს დაიმატებ და ნუთუ იმის გარანტიაც არ უნდა გქონდეს, რომ შენობა ხარისხიანი და უსაფრთხოა? ვფიქრობ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ასეთი კორპუსები ათეულ წლებზე გათვლილი არ არის. როგორ შეიძლება ნახევარ წელიწადში ან ერთ წელში მშენებლობა დაასრულო? ქოხს ხომ არ აშენებენ, ეს უნდა იყოს კაპიტალური შენობა, სადაც თაობებმა უნდა იცხოვრონ. ბინა ნივთი ხომ არ არის, ათ წელში ერთხელ გამოცვალო. ჩემი სახლის გვერდით ახალი კორპუსი შენდება. წლების წინ იმ ადგილას საავადმყოფოს აშენება დაიწყეს, მერე ომი დაიწყო და მშენებლობა გაჩერდა. დაახლოებით 8-9 სართულიანი შენობაა. წლები აწვიმდა, ათოვდა, არმატურა გაფუჭდა და შარშან ისევ განაახლეს მშენებლობა. ახლა ის საიმედოა? რამდენად მყარია საძირკველი, საიდან უნდა გავიგო? ვიღაცას პასუხი ხომ უნდა მოსთხოვო ამის გამო?”

ნინო, 29 წლის: ”მშენებლობის ხარისხზე ალბათ თავად სამშენებლო კომპანიის ავტორიტეტი და გამოცდილება მეტყველებს. უამრავი ადამიანი ყიდულობს ბინას ახალაშენებულ კორპუსში და თავად დეველოპერი გაძლევს გარანტიას, რომ სახლი მყარია, ხარისხიანი, თბოიზოლაცია აქვს... უხარისხობის პრობლემა, ვფიქრობ, უფრო მეტად მცირე სამშენებლო კომპანიების პრობლემაა, რომლებიც ცალკეულ მცირე პროექტებს ახორციელებენ და მომხმარებლის წინაშე პასუხისმგებლობაც ნაკლები აქვთ - დღეს აშენებენ, ხვალ კი შესაძლოა ლიკვიდაცია გამოაცხადონ”.

სამშენებლო სამუშაოები ხარისხიანად მიმდინარეობს თუ არა, ამის გაგება თავად სამშენებლო კომპანიებთან ვცადეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, კომენტარზე უარი განაცხადეს.

ასოციაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" ხელმძღვანელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე bpn.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ მშენებლობები ყოველგვარი კონტროლის გარეშე მიმდინარეობს.

”საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები ძალიან ფორმალურად და ზერელედ ტარდება არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური სპეციალისტების მიერ. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. გრუნტის შემოწმება არ ხდება. რა სიმაღლისაც შენობაა, მიწისქვეშ დაახლოებით იმ სიმაღლის გრუნტის შემოწმება უნდა მოხდეს. ჩვენთან 2-3 მეტრს მოჩიჩქნიან და ისე გააფორმებენ, თითქოს უფრო მეტ სიღრმეში ჩავიდნენ. ეს საკითხი მიშვებულია. საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების ჩატარების შემდეგ, დასკვნა გეოფიზიკის ინსტიტუტიდან უნდა აიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფამდე მივალთ. ქალაქში თუ გაივლით, დაინახავთ ახალი კორპუსები რა სავალალო მდგომარეობაშია. შემომზღუდავი კონსტრუქციების გარე კედლების თბოგამტარობის კოეფიციენტი დაცული არ არის. კიდევაც რომ დაიცვან, ძველი ნორმებია შემორჩენილი. ახალი ნორმები მიღებული არ არის. საქართველოში საცხოვრებელი შენობების გათბობაზე ოთხჯერ მეტი სათბობენერგეტიკული დანახარჯებია, ვიდრე ევროპაში. თხელი კედლები არავითარ გაანგარიშებაში არ ჯდება. ამიტომ, სითბოს დიდი დანაკარგებია. სამწუხაროდ, ამას არავინ აკონტროლებს. ჩვენ რამდენჯერმე დავაყენეთ საკითხი, რომ თბოგამტარობის კოეფიციენტი, რომელზეც დამოკიდებულია შენობის თბომომარაგება, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული იყოს. თუმცა, ამ მოთხოვნას მერია იმ მიზეზით არ აკმაყოფილებს, რომ ეს მშენებლობის თვითღირებულებას გააძვირებსო. ალბათ, თბილისი მსოფლიოში ერთადერთი ქალაქია, სადაც მშენებლობა ყოველგვარი შემოწმების გარეშე მიმდინარეობს. რაც მთავარია სეისმომედეგობა არ მოწმდება. ეს დიდი დანაშაულია.” - საუბრობს საკანდელიძე.

Bpn.ge კომენტარისთვის დედაქალაქის მერიას დაუკავშირდა. როგორც მერიის პრესასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, თბილისში მიმდინარე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფოს ზედამხედველობას მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

”აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საჯარიმო სანქციების დაკისრებას ექვემდებარება მშენებლობის განხორციელება შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის პირობების დარღვევით და აგრეთვე, მშენებლობის წარმოებისას, მშენებლობის უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევა. მშენებლობის სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება ქ. თბილისის მერიის ს.ს.ი.პ. ,,თბილისის არქიტექტურის სამსახური“-ს მიერ შეთანხმებული პროექტით, რომლის შემადგენლობა მოიცავს მხოლოდ ასაშენებელი შენობა-ნაგებობის არქიტექტურულ მხარეს, ხოლო გამოყენებული სამშენებლო მასალების ხარისხი არ წარმოადგენს არქიტექტურული პროექტის შემადგენლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სანებართვო პირობების კონტროლი მოიცავს განხორციელებული მშენებლობის შესაბამისობის დადგენას მხოლოდ პროექტის არქიტექტურულ მხარესთან. რაც შეეხება მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლს, საჯარიმო სანქციების დაკისრებას ექვემდებარება მშენებლობის განხორციელებისას სამშენებლო საქმიანობის იმგვარად წარმართვა, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ან საკუთრებას. განვმარტავთ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შენობა-ნაგებობათა მდგრადობაზე, კონსტრუქციულ საიმედოობასა და სიმტკიცეზე პასუხიმგებლობა ეკისრება მშენებლობის დამკვეთს,” - აცხადებენ მერიაში

ასე რომ, სანამ ახალ აშენებულ კორპუსში ბინის შეძენას გადაწყვეტთ, კარგი იქნება თუ მშენებლობის დამკვეთებს შენობის უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტს მოსთხოვთ.

სალომე გოგოხია