ევროპამ გაზის მიწისქვეშა საცავები გახსნა - მარაგი 10-წლიან მინიმუმზეა

ევროპამ გაზის გამოყენება მიწისქვეშა საცავებიდან დაიწყო და ზამთრის სეზონის წინ მარაგმა ისტორიულ მინიმუმს, 77,13%-ს პირველად მიაღწია.

ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკის ხელმძღვანელი, კადრი სიმსონი Reuters-თან საუბრის დროს აცხადებს, რომ მთელი ევროპის მასშტაბით მიწისქვეშა საცავები 75%-ზე მეტად არის შევსებული, რაც ბლოკის ქვეყნებისთვის ზამთრის მოხმარების დასაფარად საკმარისია. თუმცა, სააგენტოს შეფასებით, ევროკავშირის გაზის მარაგი 10-წლიან მინიმუმამდე არის დასული და ზამთრის სეზონისთვის საჭირო მაჩვენებელზე მეტად დაბალია.

Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, რასაც Reuters ავრცელებს, ევროპის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ერთიანად გაზის საცავები, დაახლოებით, 72%-ით არის შევსებული მაშინ, როცა შარშან, ბოლო 10 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 94%-ს, 2019 წელს კი 85%-ს შეადგენდა.

„გაზის საცავი გამოიყენება ბუფერის სახით მაღალი მოთხოვნისა და მიწოდების დეფიციტის დროს. მარაგის შევსების ფაზის დასრულებამდე საცავში არსებული დაბალი დონე ევროპელი დამკვირვებლების შეშფოთებას იწვევს,“ - წერს Reuters.

გაზის ზამთრის სეზონი, როგორც წესი, 1-ელ ოქტომბრიდან იწყება, როცა მაღალი ფასის გამო საცავებიდან გაზის გამოყენება მარტის ბოლომდე გრძელდება.

მართალია, ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკის ხელმძღვანელი, კადრი სიმსონი აცხადებს, რომ ევროპას ზამთის სეზონისთვის გაზის საკმარისი მარაგი აქვს, მაგრამ იქვე განმარტავს, რომ ფასების სწრაფი ზრდა განახლებად ენერგიაზე დაჩქარებული წესით გადასვლასა და ევროკავშირის გაზის ბაზრის რეფორმირებაზე მიუთითებს.

„წლის ბოლოს გაზის ბაზრის რეფორმირების პროექტს წარმოვადგენ, რაც მის შენახვასა და უსაფრთხო მიწოდებას შეეხება,“ - აცხადებს კადრი სიმსონი.

ესპანეთი გამოდის ინიციატივით, რომ ევროკავშირმა გაზი ერთობლივად შეიძინოს და თავისი 450 მილიონი მომხმარებლის ერთიანი ბაზარი გამოიყენოს, რათა შეიქმნას ევროკავშირის გაზის ერთიანი სტრატეგიული რეზერვი.

წელს ევროპაში გაზის საბითუმო საბაზრო ფასი 500%-ზე მეტად გაიზარდა. Reuters ამის მიზეზად კოვიდპანდემიისშემდგომი ეკონომიკის აღდგენის პროცესში, შეზღუდული მიწოდების ფონზე, გაზზე დიდ მოთხოვნას ასახელებს.

ბუნებრივი გაზი ევროკავშირის მთლიანი ენერგომოხმარების მეოთხედს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ