SPAR ევროპის ბაზარზე საკუთარი ბრენდის პროდუქციასაც გაყიდის

სუპერმარკეტების გლობალურმა ქსელმა, SPAR-მა ევროპის ქვეყნების ბაზრებზე თავისი ბრენდების ახალი ხაზი, სამარკო ნიშნით, SPAR N°1-თი ჩაუშვა. ინფორმაცია SPAR International-ის ვებგვერდზე ვრცელდება.

„ეს ასორტიმენტი მყიდველებისთვის პირველადი მოხმარების ხარისხიანი პროდუქციის ფართო არჩევანს საუკეთესო ფასში წარმოადგენს,“ - წერია განცხადებაში.

SPAR N°1 პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება ევროპის ყველა ბაზარზე, სადაც კომპანია არის შესული, მეორე ეტაპის მიზანს კი საერთაშორისო დონეზე გაფართოება წარმოადგენს.

ამჟამად SPAR ევროპის 26 ქვეყანაში 11 890 მაღაზიით არის წარმოდგენილი. SPAR N°1 საკუთარი ბრენდის მრავალსაფეხურიანი სტრატეგიის მთავარი დანამატია, რაც მყიდველს საშუალებას აძლევს, საკვები პროდუქტებისა და არასასურსათო ნივთების ფართო სპექტრზე განსაკუთრებულ ფასად ჰქონდეს წვდომა.

„მუდმივად მზარდი ფასები, რაც კოვიდპანდემიამ უფრო დააჩქარა, წარმოადგენს სასურსათო საცალო ვაჭრობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ მთავარ ტენდენციას მთელს ევროპაში. ამ ვითარებაში საკუთარი ბრენდი მომხმარებლისთვის მყარი ფასების შეთავაზებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

წლის ბოლოსთვის SPAR N°1 სამარკო ნიშნით ასზე მეტი სახეობის პროდუქტი გაიყიდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ SPAR N°1-ის ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზრისთვის ხარისხის მკაცრი სტანდარტებითა და ტესტირებით შეირჩა.

SPAR International-მა ინოვაციური მიმართულება 2018 წელსაც წარმოადგინა, როცა საერთაშორისო დონეზე 100 %-ით ორგანული პროდუქტების ხაზი, SPAR Natural ჩაუშვა.

SPAR-ის გლობალური ქსელი 48 ქვეყანაში 13 500 მაღაზიას მოიცავს. ამასთან, SPAR International მსოფლიოში 255-ზე მეტ სადისტრიბუციო ცენტრს ამუშავებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ