სკუტერების შემდეგ ელექტროველოსიპედები - Dott-ის სტარტაპი პარიზში

სკუტერების გაქირავების კომპანია Dott-მა პარიზში სტარტაპი ჩაუშვა და მომსახურების ქსელს ელექტროველოსიპედებიც დაამატა. TechCrunch-ის ინფორმაციით, მარტიდან Dott ქსელში საკუთარი წარმოების ელექტროველოსიპედების ამუშავებას გეგმავდა, მაგრამ კომპანიას მისი წარმოება ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა იმედოვნებს, რომ ევროპაში საკუთარი ბრენდის ელექტროველოსიპედები მალე ექნება.

მანამდე Dott თნამშრომლობას კომპaნია Okai-სთან აგრძელებს, რომელიც მისთვის ელექტროსკუტერებს ამზადებს. Dott-ის ელექტროველოსიპედები პარიზის აპლიკაციაში უკვე გამოჩნდნენ. აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია, ახლომდებარე სკუტერთან ერთად, ველოსიპედიც მოიძიოს, ან ძიების რუქა გაფილტროს, რომ მხოლოდ ველოსიპედის ან მხოლოდ სკუტერის მოძებნა შეძლოს.

Dott გეგმავს, რომ წლის ბოლოსთვის პარიზში 3000 ელექტოველოსიპედი ჰყავდეს. მისი დაქირავების ფასი იგივეა, რაც ღირს ელექტროსკუტერი. ფასები მხოლოდ ქალაქების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, პარიზში სკუტერის ან ელექტროველოსიპედის განბლოკვა 1 ევრო ღირს, რასაც ყოველ წუთში 0,23 ევრო ემატება. მაგალითად, Dott-ის ელექტროველოსიპედით 20 წუთით მგზავრობა 5,60 ევრო ღირს. მომსახურება შეიცავს მრავალ საშვსაც, რომელიც გარკვეულ დროში შეუზღუდავი მგზავრობისა და უფასო განბლოკვის საშუალებას იძლევა. ეს საშვები როგორც სკუტერებისთვის, ისე ელექტრონული ველოსიპედებისთვის არის დაწესებული.

პარიზში Dott-ის კონკურენტი კომპანია Lime-ია, რომელმაც ელექტროველოსიპედი Jump კომპანია Uber-თან საინვესტიციო ხელშეკრულებით მოიპოვა. Lime-ის ელ-ველოსიპედის განბლოკვა 1 ევრო, ხოლო ყოველწუთიერი გადასახადი 0,20 ევრო ღირს.

Dott-ის სტარტაპი ელექტრონული ველოსიპედების ამუშავებას რომში, მილანში, ბრიუსელსა და ლონდონშიც გეგმავს. ეს ველოსიპედები ცვალებადი აკუმულატორული ბატარეით არის აღჭურვილი, ავტოპარკს კი ერთი და იგივე შიდა ლოგისტიკური ჯგუფები მართავენ.

Dott-ისა და Lime-ის გარდა, პარიზში კომპანია Tier-იც მუშაობს. სამივე კომპანიამ ლიცენზიის მოპოვებაში გაიმარჯვა, რის საფუძველზეც თითოეული 5000 სკუტერს ამუშავებს.

პარიზის გარდა, Dott-ს სკუტერები ბელგიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის მსხვილ ქალაქებშიც აქვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ