Amazon საშობაო დღეებში 150 000 მუშახელს დაიქირავებს

ელექტრონული კომერციის გიგანტი, Amazon საშობაო დღეებისთვის ემზადება და აშშ-ში 150 000 სეზონური მუშახელის დაქირავებას გეგმავს. როგორც Reuters წერს, სადღესასწაულო დღეები კომპანიის მიწოდების სერვისისთვის, მაღალი მოთხოვნის გამო, როგორც წესი, „თავის ტკივილს“ წარმოადგენს.

გასულ წელს, პანდემიის დროს ისედაც გაზრდილ მუშახელს Amazon-მა საშობაო დღეებში კიდევ 100 000 სეზონური თანამშრომელი დაამატა. დაქირავების გეგმა კომპანიამ აშშ-ში მუშახელის დეფიციტისა და პროფკავშირის გააქტიურების გამო შეადგინა. გაიზარდა ხელფასებიც, რათა წლის ბოლოსთვის, გადამწყვეტ პერიოდში კომპანიამ მეტი მუშახელი მიიზიდოს.

სექტემბერში Amazon-მა ამერიკელი თანამშრომლებისთვის საშუალო საწყისი ანაზღაურება 18 დოლარზე მეტად გაზარდა. სეზონური სამუშაოს ანაზღაურება შეიცავს 3000-დოლარიან ბონუსებს და საათში, დამატებით, 3 დოლარს ცვლის მიხედვით. ყველაზე მეტ სეზონურ მუშახელს კომპანია კალიფორნიის, კოლორადოს, ფლორიდას, ჯორჯიასა და ილინოისის შტატებში დაიქირავებს.

გასულ თვეს Amazon-მა გაავრცელა განცხადება, რომ დიდ ბრიტანეთში საშობაო სამუშაოსთვის 20 000 ვაკანსიაზე მუშახელის შევსების პროცესი უკვე დაიწყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ