პარლამენტი ხელოსანთა ლიცენზირების საკითხს განიხილავს

პარლამენტი ხელოსანთა ლიცენზირების საკითხს განიხილავს. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მოქალაქე მარიამ ჭყონიამ მიმართა.

როგორც წინადადებაშია აღნიშნული, დროა ვიფიქროთ შემდეგ საკანონმდებლო პროექტზე, რომელიც დაარეგულირებს ხელოსანთა ლიცენზირების და პროფესიონალიზმის საკითხს. წინადადების ავტორის აზრით, უნდა მოხდეს დაქვემდებარება თუნდაც თბილისის მერიაში ხელოსანთა აღრიცხვიანობის ან/და ლიცენზირების გაცემის საკითხთან მიმართებაში.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება და გადაწყვეტილება აცნობოს ბიუროს.

საკანონმდებლო წინადადების შეფასებით, ამ ინიციატივის საფუძველი გახდა ბათუმის ტრაგედია. შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი ჩამოინგრა. მომხდარს 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანი იყო. შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულია მეპატრონე იმ ბინის, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და 2 მუშა, რომელთაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თაია არდოტელი