ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ენერგორესურსებზე ფასის ზრდა გეოპოლიტკური პრობლემაა. ამის შესახებ ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჯოზეპ ბორელმა ლუქსემბურგში გამართულ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„გაზზე ფასის განხილვა გეოპოლიტიკური კუთხით უნდა მოხდეს. ჩვენ ვაპირებთ ამ თემას დავუთმოთ ევროკავშირის საგარეო საკითხების საბჭოს მომდევნო სხდომა, რომელიც ნოემბერშია დაგეგმილი“, - განაცხადა მან.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც ევროპაში გაზის კრიზისში რუსეთის როლს შეეხებოდა, ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთი მკაცრად ასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებას ევროკავშირისთვის გაზის მიწოდებაში, თუმცა არ აწვდის დამატებით მოცულობას“. მანვე განაცხადა, რომ ევროკავშირის რუსეთის გაზზე დამოკიდებულება - ეს ახალი ამბავი არ არის, ის გუშინ არ ჩამოყალიბებულა და რომ ევროპა მისი საჭიროების ბუნებრივი აირის 40%-ს სწორედ რუსეთისგან იღებს. მანვე ევროპაში გაზზე ფასის ზრდას უწოდა „იდეალური შტორმი, როცა სხვადასხვა ფაქტორები დროში ემთხვევა ერთმანეთს“.
ცნობისთვის, ლონდონის ICE-ს ბირჟაზე გუშინდელი სავაჭრო სესიის ბოლოსთვის 1000 კუბურ მეტრზე 1 068 დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა დღის განმავლობაში 1300 დოლარამდეც კი გაიზარდა. TTF-ის ნიდერლანდების ჰაბში კი ნოემბრის ფიუჩერსებზე დღის ბოლოსთვის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 1 068 დოლარი შეადგინა.