თბილისის საკრებულომ მერიას ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დადებითი რეკომენდაცია მისცა

თბილისის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა.

საკრებულოს ინფორმაციით, ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს. ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ, გარემოს დაცვის, ასევე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარეებმა, შორენა ბუხრაშვილმა და გოჩა ბაბუნაშვილმა საკრებულოს წევრებს შესაბამისი კომისიების სხდომებზე უკვე განხილული პროექტები წარმოუდგინეს.

საკრებულოს განცხადებით, დეპუტატების უმრავლესობამ რამდენიმე შესწორების გათვალისწინებით, დედაქალაქის მერიას ინფრასტრუქტურული საკითხების (გზების შეკეთება და ა.შ.), ასევე გამწვანების ქვეპროგრამაში გათვალისწინებული ოთხი პროექტის განსახორციელებლად დადებითი რეკომენდაცია მისცა.