საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და წარმოება იზრდება, იმპორტი კი მინიმუმ მაჩვენებელზეა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის სექტემბერში ქვეყანამ მთლიანად 1256.658 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34,5%-ით მეტია, შარშან სექტემბერში მოხმარებამ 934.105 მლნ კვტ-სთ შეადგინა.
ამასთან, გაიზარდა ელექტროენერგიის გენერაციაც. კერძოდ, თუ 2020 წლის სექტემბერში საქართველოში სულ გამომუშავებული იქნა 876.917 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 1100.731 მლნ კვტ-სთ შეადგინა, ზრდა 25,5%-ია.
როგორც წესი, გამომუშავებულ ელექტროენერგიაში ყველაზე დიდი წილი ჰიდროელექტროსადგრებზე მოდის. კერძოდ, წელს სექტემბერში ჰესებმა ჯამში 947.506 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, თბოსადგურებმა - 146.133 მლნ კვტ-სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 7.092 მლნ კვტ-სთ.
რაც შეეხება იმპორტს, წელს სექტემბერში ქვეყანამ მხოლოდ 0.150 მლნ კვტ-სთ დენი იყიდა, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი 99.612 მლნ კვტ-სთ.