ბრიტანულ ოჯახებს ეკოლოგიური გამათბობლების დასაყენებლად 5000 ფუნტს გადაუხდიან

მომავალი წლიდან ბრიტანულ ოჯახებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ენერგოეფექტური გათბობის სისტემების დასამონტაჟებლად 5000 ფუნტს გადაუხდის.

Politico-ს ინფორმაციით, სამწლიანი მოდერნიზაციის პროგრამა ბრიტანეთის მთავრობას 450 მლნ ფუნტი უჯდება. მისი მიზანია, რომ ოჯახებმა, რომლებიც სითბური ტუმბოს დაყენებას გადაწყვეტენ, იმაზე მეტი არ გადაიხადონ, რაც ტრადიციული გაზის ქვაბის დამონტაჟება ღირს.

ცალკე გამოიყოფა 60 მილიონი ფუნტის პაკეტი, რომელიც ეკოლოგიური გათბობის სისტემების დაპროექტებას მოხმარდება. ეკოლოგიურად სუფთა გათბობის სისტემა უფრო მცირე, ადვილად დასაყენებელია და ექსპლუატაციაშიც იაფია.

Politico-ს შეფასებით, ბორის ჯონსონის მთავრობა, გაეროს კლიმატის სამიტის წინ, „მწვანე რეპუტაციის“ გამყარებას ცდილობს. მომავალ თვეში 130 ქვეყნის დელეგატი გლაზგოში შეიკრიბება, რომ გლობალური დათბობის შესაჩერებლად ახალი ვალდებულებები შეიმუშაოს.

დაბალშემოსავლიანი ოჯახების დიდი ხარჯების გამო, ბორის ჯონსონზე თანაპარტიელებიც ზემოქმედებენ. ბიზნესის საქმეთა მინისტრი, კვასი კვარტენგი აცხადებს, რომ ეკოლოგიურ გამათბობლებზე გადასვლა წიაღისეულ საწვავზე ქვეყნის დამოკიდებულებას შეამცირებს, რაც, ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში მომხმარებლებს გაზის არასტაბილური ფასებისგან დაიცავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ