ჯვარი-კობის მონაკვეთი უახლოეს საათებში გაიხსნება

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ჯვარი-კობის მონაკვეთის გახსნა უახლოეს საათებში იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა გუდაურში მოქმედი საკოორდინაციო შტაბის შემაჯამებელ სდომაზე განაცხადა. შავლიაშვილი გუდაურში დღეს გაემგზავრა, ჯვარი-კობის მონაკვეთზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა და საკოორდინაციო შტაბის შემაჯამებელ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ხელმძღვანელობს. მის შემდგენლობაში შედიან: საქართველოს შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ენერგეტიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები.

საკოორდინაციო შტაბის შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ, შტაბის წევრები მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომილო გზის ჯვარი-კობის მონაკვეთზე არსებული ვითარების სანახავად გაემგზავრნენ. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.