„საპენსიო სესხებზე პროცენტი  არჩევნების მეორე ტურის შემდეგ შემცირდება“

„საპენსიო სესხებზე პროცენტი შემცირდება არჩევნების მეორე ტურის შემდეგ“, - ამის შესახებ „მოქალაქეების ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„საპენსიო სესხებზე პროცენტი შემცირდება და ეს მოხდება არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. ამ საკითხზე სხვა პროცესი მიდის, რადგან ახალი ტენდერია გამოსაცხადებელი. ამ პერიოდის განმავლობაში ეს პროცესი არ გაჩერებულა, სამთავრობო კომისია შეიქმნა, ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენი შეხედულებებიც გავუგზავნეთ ტენდერის პირობებთან დაკავშირებით. სიტყვას გაძლევთ, როგორც კი არჩევნების მეორე ტური დასრულდება, ამ წლის დასრულებამდე ახალი ტენდერიც გამოცხადდება,“-განაცხადა ელისაშვილმა.

საპენსიო სესხების თემა ერთ-ერთია იმ სენსიტიური თემებიდან, რომელზე დისკუსიებიც უკვე წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტიურდება. ამ მიმართულებით ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან შეტევის მთავარი ობიექტი ლიბერთი ბანკია. პოლიტიკოსების ნაწილი სწორედ ლიბერთი ბანკს ადანაშაულებს იმაში, რომ საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი მაღალია.

თუმცა, პოლიტიკოსების ამ პათოსის საპასუხოდ რამდენიმე კვირის წინ ეკონომიკურმა მედიამ "ბანკები და ფინანსები" საპენსიო სესხების ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტმა გვაჩვენა საპენსიო სესხებს საქართველოში არა მხოლოდ "ლიბერთი", არამედ სხვა კომერციული ბანკებიც გასცემენ, თუმცა აქ განსხვავება ისაა, რომ "ლიბერთი" სხვა ბანკებთან შედარებით ამ სესხს ყველაზე დაბალ პროცენტში გასცემს, კერძოდ, 30.65%-ში, მაშინ როცა სხვა კომერციულ ბანკებში სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებელი 43-49%-ის ფარგლებში მერყეობს.

თაია არდოტელი