„დრესაპ ჯგუფმა“ საქართველოში ფეხსაცმლის საწარმო გახსნა

„დრესაპ ჯგუფმა“, რომელიც 25 წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოში და არის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ისეთი მსოფლიო ბრენდების პარტნიორი როგორებიცაა: Guess, Lacoste, Gant, Etam,Tommy Jeans, Levis, Lee Wrangler და სხვა, - ფეხსაცმლის საწარმო გახსნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის გენერალურ დირექტორს, ალექსანდრე სამხარაძეს ვესაუბრეთ.

თქვენი ჯგუფი უკვე ათწლეულებია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ამ ეტაპამდე ძირითადად საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობდით, რატომ გადაწყვიტეთ ადგილობრივი წარმოების გახსნა?

მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანიის მოღვაწეობა 90-იანი წლებიდან იწყება. კომპანიის დაარსებიდან დღემდე, ჩვენთვის, ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ერთ-ერთი პრიორიტეტია. დროის სვლასთან ერთად, საქართველოში ადგილობრივი ინდუსტრიებიც განვითარდა, მათ შორის იგივე ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის წარმოებაც. შეიძლება ითქვას, რომ თუ წარსულში ხარისხი მხოლოდ იმპორტირებულ პროდუქტთან ასოცირდებოდა, დღეს შეხვდებით ქართულ ბრენდებსაც, რომელთა ხარისხიც და ვიზუალიც სრულიად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

„დრესაპ ჯგუფი“, თავის მხრივ, მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ქართულ წარმოებას და ითანამშრომლოს ადგილობრივ კომპანიებთან. ბოლო წლების განმავლობაში, შედგა შეთანხმება ფეხსაცმლის რამდენიმე ქართულ ბრენდთან, რომლებიც აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს და რომელთა პროდუქციასაც ჩვენს ფეხსაცმლის მაღაზიებში ATRIO და FACTORY შეხვდებოდით. მსგავსი პარტნიორობის ბოლო მაგალითი კი განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა; ვგულისხმობთ „დრესაპ ჯგუფის“ პრემიუმ ფეხსაცმლის მაღაზია „ატრიოსა“ და რუსო დანელიას ერთობლივ პროექტს ATRIO X RUSO DANELIA. ამ პროექტის ფარგლებში შექმნილმა პროდუქციამ, საკმაოდ კარგი გამოხმაურება მიიღო მომხმარებლის მხრიდან. გვქონდა შემთხვევები, რომ მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა. ამ ყველაფერმა, კი მოგვცა დამატებითი სტიმული, რომ კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა ეს მიმართულება. შესაბამისად, მიუხედავად არსებული რთული ვითარებისა, მაინც გადავწყვიტეთ, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა და გვეზრუნა საწარმოს გახსნაზე.

statiis-shida-foto-1634713109.jpg

რას გვეტყვით უშუალოდ საწარმოს შესახებ, რატომ ფიქრობთ რომ ეს პროექტიც წარმატებული იქნება?

პირველ რიგში, მიგვაჩნია, რომ ამ პროექტის წარმატების საწინდარი ის გუნდია, ვინც საწარმოში იმუშავებს. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას რუსო დანელიასთან და სამომავლოდ კიდევ მრავალი საინტერესო, ხარისხიანი პროდუქტი შეიქმნება. დამატებით, შემოვიკრიბეთ ამ სფეროს პროფესიონალები და დღეს უკვე საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს.

თუმცა, დამეთანხმებით, რომ რაც არ უნდა პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი გყავდეს, მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურა, სადაც ამ გუნდს უწევს მუშაობა. ამ კუთხითაც შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული გარემო გვაქვს შექმნილი იმისათვის, რომ სამუშაო პროცესი სასიამოვნო და ეფექტიანი იყოს.

გარდა გარემოსი და პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდისა, გვაქვს საკმაოდ კარგი დანადგარები, რომელთა სრულყოფასა და განახლებაზეც მუდმივად ვმუშაობთ.

სწორედ აღნიშნული კომპონენტები: პროფესიონალთა გუნდი, კარგი სამუშაო გარემო, ინფრასტრუქტურა და ამ ყველაფერს დამატებული ჩვენი ჯგუფის გამოცდილება, გვაძლევს საშუალებას გვჯეროდეს, რომ აღნიშნული პროექტიც წარმატებული იქნება.

როგორც ჩანს, აღნიშნული საწარმო უკვე ფუნქციონირებს, როდისთვის ველოდოთ პირველ კოლექციებს?

დიახ, აღნიშნული საწარმო უკვე ფუნქციონირებს . ამ ეტაპზე საწარმოში უკვე დამზადდა ATRIO X RUSO DANELIA-ს შემოდგომა/ზამთარი 2021-ის კოლექცია, რომლის შეძენაც მაღაზია „ატრიოს“ სამივე ფილიალსა და ონლაინ მაღაზიაში DRESSUP.GE არის შესაძლებელი.

გარდა ზემოხსენებულისა, ბუნებრივია, ვმუშაობთ სხვა პროექტებზეც, რომლებსაც ახლო მომავალში შევთავაზებთ საზოგადოებას.

გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს ბოლოს რამეს ხომ არ დაამატებდით?

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო „დრესაპ ჯგუფის“ გუნდის თითოეულ წევრსა თუ პარტნიორს, რომელთა პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერითაც კომპანია აგრძელებს წინსვლასა და განვითარებას. განსაკუთრებული მადლობა თითოეულ მომხმარებელს, რომლებთან ერთადაც წლებია ვიზრდებით. ჩვენს აუდიტორიას ვპირდებით, რომ სამომავლოდაც მრავალ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ.

და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ „დრესაპ ჯგუფი“ ყოველთვის ინარჩუნებს სურვილს და მზაობას, ითანამშრომლოს ქართველ დიზაინერებსა თუ კომპანიებთან, რომლებიც ხარისხიან, სტანდარტების შესაბამის ქართულ პროდუქციას აწარმოებენ. ამ კომპანიებისთვის ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა და მზად ვართ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას დავუთმოთ არა მარტო ჯგუფში შემავალი ფეხსაცმლის მულტიბრენდული მაღაზიების - ATRIO და FACTORY გარკვეული სივრცე, არამედ აღნიშნული პროდუქცია განვათავსოთ ჩვენს ონლაინ მაღაზიაშიც - DRESSUP.GE . ონლაინ მაღაზიაში განთავსება კი ნიშნავს, რომ მათი პროდუქციის შეძენა, არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, არამედ საქართველოს ნებისმიერი დასახლებული პუნქტიდან იქნება შესაძლებელი.

(R)