მედიაკონცერნმა Axel Springer-მა გამოაცხადა, რომ დაასრულა ამერიკული გაზეთის Politico-ს შეძენის პროცედურა. ამის შესახებ საუბარია გერმანული კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„კომპანია Axel Springer-ი აცხადებს, რომ დაასრულა Politico-ს შეძენა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მსოფლიო პოლიტიკური ახალი ამბების მიმომხილველი გამოცემის“, - საუბარია განცხადებაში.
ამასთან, ინფორმაციაში წერია, რომ ამიერიდან Politico-ს 100%-იანი წილის მფლობელია.
„შეთანხმება დასულდა მას შემდეგ, რაც მივიღეთ ყველა საჭირო თანხმობა მარეგულირებლების მხრიდან და იმ პირობების შესრულების შემდეგ, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ 2021 წლის 26 აგვისტოს“, - წერია განცხადებაში.
„ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა ციფრული ჟურნალისტიკის ბიზნეს-მოდელის და Politico ამის ნათელი მაგალითია. გამოცემის დამაჯერებელი ზრდა და მაღალი შემოსავლები მისი წარმატების ისტორიის ნათელი მაგალითია. ჩვენ ვიმუშავებთ Politico-სთან, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ მისი ზრდის პოტენციალი საერთაშორისო დონეზე“ - განაცხადა Axel Springer-ის გენერალურმა დირექტორმა მატია დიოპფნერმა.
თავის მხრივ, Politico-ს დამფუძნებელმა რობერტ ოლბრიტონმა აღნიშნა, რომ გერმანულ მედიაჰოლდინგთან შეთანხმება გაზეთს ახალ დონეზე გაიყვანს და საშუალებას მისცემს Politico-ს, ახალი ბაზრები აითვისოს.