თურქეთი საქართველოს გავლით, პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს, შეძლებს. აღნიშნულს გულისხმობს საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედებული ე.წ. დიაგონალური კუმულაცია.
როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ გაბუნიამ განაცხადა, ე.წ. დიაგონალური კუმულაცია შესაძლებელია განხორციელდეს 3 და მეტ ქვეყანას შორის, როდესაც ამ ქვეყნებს ერთმანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვთ.
„ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ ნედლეული გაცვალონ ერთმანეთში. გადაამუშაონ ეს ნედლეული და ამ ტიპის პროდუქტი უკვე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გაიტანონ. თურქეთის და ევროკავშირის შემთხვევაში კარგად რომ გამოჩნდეს, შეგვიძლია ეს შეთანხმება ტექსტილის ინდუსტიის მაგალითზე განვიხილოთ. ამ დრომდე აღნიშნულ ინდუსტრიაში: ნედლეული-თარგები/მატერია შემოდიოდა თურქეთიდან, იკერებოდა საქართველოში და ისევ თურქეთში გადიოდა, რადგან ამ ტიპის პროდუქტს საქართველოდან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ვერ გაიტანდი ვეროკავშირში, გამომდინარე იქიდან, რომ ტექსტილის პროდუქციაზე წარმოშობის წესები საკმაოდ მკაცრია და გულისხმობდა, რომ დაახლოებით 90% საბოლოო პროდუქტში უნდა ყოფილიყო ადგილობრივი წარმოების.
ე.წ. დიაგონალური კუმულაციის პირობებში კი, თურქეთიდან შემოტანილი ნედლეულით დამზადებული პროდუქცია საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტზე პირდაპირ გავა. აღსანიშნავია, რომ ეს შეთანხმება გავრცელდება ინდუსტრიულ ანუ სამრეწველო ტიპის პროდუქციაზე,“-განაცხადა მარიამ გაბუნიამ.
რაც შეეხება ამოქმედების ვადებს, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ამ შეთანხმებით სარგებლობა მწარმოებლებს ხვალიდანვე შეუძლიათ.
„იმ მეწარმეებს, რომლებიც ამ ტიპის პროდუქციას აწარმოებენ, შეუძლიათ ხვალვე მიმართონ შემოსავლების სამსახურს, აიღონ ევრო1 წარმოშობის სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს რომ ეს პროდუქტი აკმაყოფილებს ჩვენსა და ევროკავშირს შორის არსებულ წარმოშობის წესებს და გაიტანონ ევროკავშირში,“-განაცხადა გაბუნიამ გადაცემაში „საქმე“.