მილიარდერი და ინვესტორი კარლ აიკანი ამბობს, რომ აშშ-ის კონგრესის და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ, ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის ფარგლებში გაღებული ტრილიონობით დოლარი, ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებზე მალე დიდ პრობლემებს შექმნის.
„გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ კედელს შევეჯახებით. იქნება კრიზისი, რადგან ჩვენს ქმედებას, ფულის ბეჭდვას და ინფლაციისკენ სწრაფვას, აქეთკენ მივყავართ. საითაც გაიხედავთ, ყველგან ინფლაციის ზრდას დაინახავთ. და მე არ ვიცი, ამ ყველაფერს გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ გავუმკლავდებით“, - განაცხადა CNBC-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა აიკანმა.
მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა დროში ელის კრიზისს და რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ის. თუმცა ამბობს, რომ ბაზარზე გამოშვებული ჭარბი ფულის მასა, ადრე თუ გვიან, ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვება.
აიკანის საინვესტიციო კომპანია „აიკან ენტერპრაიზისის“ ფასმა, პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის მარტი) 22 პროცენტით მოიმატა. ამავე პერიოდში, S&P 500-ის სააქციო ბაზრის ინდექსი 54 პროცენტით გაიზარდა.
შეერთებულ შტატებში გასულ თვეში ძირეული ინფლაციის მაჩვენებელი (წლიური გადათვლით) 4 პროცენტს მისწვდა, სრულმა ინფლაციამ კი 5.4 პროცენტს მიაღწია. მწარმოებელთა ფასების ინფლაციის მაჩვენებელი (წლიური გადაანგარიშებით) 8.6 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ამ მონაცემის აღრიცხვის დაწყებიდან (2010 წელი) ყველაზე მაღალი ნიშნულია.
ბაზარზე ჭარბი ფულის არსებობის გარდა, ინფლაციის ზრდას ენერგო კრიზისი და მიწოდების სფეროში წარმოქმნილი პრობლემები ემატება. ეს უკანასკნელი პირველ რიგში, კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული.
რაც შეეხება აიკანს, ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორ-აქტივისტია. მისი საინვესტიციო კომპანია ფლობდა/ფლობს ისეთი კომპანიების აქციების მსხვილ პაკეტებს, როგორებიცაა „ჯენერალ მოტორსი“, „მოტოროლა“, „ნეტფლიქსი“, „ეპლი“ და სხვა. მის სიტყვებსაც კი არაერთხელ გამოუწვევია ბაზრებზე ტალღები. მაგალითად, 2013 წელს მან "ტვიტერზე" დაწერა პოსტი, რასაც ერთ დღეში „ეპლის“ აქციების 3.8 პროცენტით ზრდა მოჰყვა.