საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტი სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმშია გადასული. ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დისტანციურ რეჟიმში 600-ზე მეტი კლასი სწავლობს.
„სტატისტიკა ახლდება და ყოველ პარასკევს არის განახლებული ინფორმაცია. ამ დროის მონაცემებით, 100-ხე მეტი სკოლა არის გადასული დისტანციურ რეჟიმში და 600-ზე მეტი კლასი. მართვა გრძელდება წერტილოვნად“, - განაცხადა მიცკევიჩმა.
რაც შეეხება სკოლის პერსონალის ვაქცინაციის პროცესს, როგორც მიცკევიჩმა აღნიშნა, დღეს ვაქცინაციის სავალდებულოობა საგანმანათლებლო სივრცეში არ განიხილება.
„როგორც იცით, სავალდებულოა ვაქცინაცია უმაღლესი განათლების იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჯანდაცვის პროგრამებზე სწავლობენ და უშუალო შეხებაში არიან პაციენტთან. ანუ მხოლოდ კონკრეტული სეგმენტისთვის არის სავალდებულო. დანარჩენ, არცერთ საფეხურზე - ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საფეხურზე დღეისთვის ვაქცინაცია სავალდებულო არ არის. რაც შეეხება მასწავლებლების აცრის მაჩვენებელს, სტატისტიკა ზრდადია, ის ნამდვილად არის დამაკმაყოფილებელ ნიშნულამდე და კიდევ გაიზრდება“, - განაცხადა მიცკევიჩმა.