Nestle-მ ყავის გაყიდვების შედეგად წლიური პროგნოზი გაზარდა

შვეიცარული კომპანია Nestle წელს ორგანული გაყიდვების 6-7%-იან ზრდას მოელის.

„მართალია, მსოფლიოს უმსხვილესი სასურსათო ჯგუფი სამეწარმეო ხარჯების ზრდის გამო რენტაბელურ წნეხს განიცდის, მაგრამ წელს სტაბილური მარჟის პროგნოზი მაინც შეინარჩუნა,“ - წერს Reuters.

სააგენტოს შეფასებით, მესამე კვარტალში ფასების 2,1%-ით მატება კომპანიას სამეწარმეო ხარჯების ინფლაციის შემსუბუქებაში დაეხმარა. Kepler Cheuvreux-ის ანალიტიკოსი, ჯონ კოკსი აცხადებს, რომ ფასების კვარტალური კომპონენტი 2015 წლის პირველი ნახევრიდან წელს ყველაზე ძლიერი იყო.

მოელიან, რომ Nestle-ს აქციები, რომლებიც წელს 8%-ით გაიზარდა, ვაჭრობამდელ ბაზარზე 0,8%-ით მოიმატებს.

Nestle, რომელიც, ასევე, KitKat-ისა და ბურგერებისთვის მცენარეული კატლეტის მწარმოებელია, სამეწარმეო წლიური ხარჯების 4%-იან ზრდას პროგნოზირებს. გასულ თვეს კომპანიამ განაცხადა, რომ ხარჯების ინფლაცია მომავალ წელს უფრო მაღალი იქნება.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანული გაყიდვები პირველ ცხრა თვეში 7,6%-ით გაიზარდა, რამაც კომპანიის 6,6%-იან პროგნოზს გადააჭარბა. წამყვან ძალად ყავის გაყიდვები იქცა, რადგან Starbucks-ის ბრენდის პროდუქტებმა 15,5%-იანი, ხოლო Nespresso-ს პორციულმა ყავამ 11%-იანი ზრდა დააფიქსირა.

Nestle-მ წლიური პროგნოზი 5-6%-მდე ივლისშიც გაზარდა. კომპანია მოელის, რომ სავაჭრო ოპერაციებიდან მოგების საბაზისო მარჟა წელს 17,5%-ს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ