დაბალი ტარიფი, მორღვეული ქსელი და მოუწესრიგებელი გამრიცხველიანობა - აფხაზეთის მოძველებულ ენერგოსისტემას რუსეთი „ნარჩენებს“ უწოდებს

აფხაზეთის ელექტროქსელი მოუვლელობის გამო ცუდ მდგომარეობაშია და დატვირთვას ვერ უძლებს. ამასთან, დაბალი გადასახადის გამო, აფხაზეთში არალეგალური კრიპტომაინინგი ყვავის, რაც ქსელზე კიდევ უფრო დიდ დატვირთვას ქმნის და ელექტროენერგიის ავარიულ გათიშვებს იწვევს. მაგალითად, 2016 წლიდან დღემდე აფხაზეთში 66 857 მაინინგ მოწყობილობა შევიდა. სიტუაციის სტაბილიზაციისთვის დე ფაქტო ენერგეტიკის სამინისტრო ერთადერთ გამოსავლად ელექტროენერგიის მცოცავი გრაფიკით გათიშვას მიიჩნევს, რასაც რეგულარულად აკეთებს.

კრიპტომაინინგის გარდა, აფხაზეთში ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარების ერთ-ერთი მიზეზი უფასო დენია, რადგან, როგორც ცნობილია, ოკუპირებულ აფხაზეთს ,,ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% მიეწოდება. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ოკუპირებულმა რეგიონმა 1766.0 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 22.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წელს აფხაზეთს 1442.7 მლნ კვტ.სთ დენი მიეწოდა.

ქალაქ სოხუმში უმძიმესი ენერგეტიკული სიტუაციის გამო, დე ფაქტო მერიაში ახლახან საგანგებო სხდომაც გაიმართა, სადაც აღიარეს, რომ სოხუმის ელექტრომოწყობილობების მართვის განყოფილება („სუესი“) შემოდგომა-ზამთრის სიცივეებს მოუმზადებელი ხვდება.

„ყველა ქვესადგურზე სამუშაო დიაპაზონში დატვირთვა თანაბრად იზრდება და მალე პიკს მივაღწევთ,“ - აცხადებს „სუესის“ ხელმძღვანელი, ტიმურ ჯინჯოლია. „სუესის“ დეპარტამენტის, „ენერგოსბიტის“ ხელმძღვანელის მონაცემებით, დენის გადასახადს სტაბილურად მხოლოდ აბონენტების 30 პროცენტი იხდის. ამ დაბალ მაჩვენებელს ისიც ემატება, რომ ურჩი გადამხდელების გათიშვა ორი წელია, რაც პანდემიის გამო შეჩერებულია.

„ენერგოსბიტის“ უფროსის, ჯამბულატ არშბას მონაცემებით, სექტემბერში სოხუმში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი ნაკლებია, ვიდრე იყო აგვისტოში და 8 875 600 რუბლი (123,592 დოლარი) შეადგინა. მესამე კვარტალში, ანუ ივლისი-სექტემბრის პერიოდში სულ 27 831 800 რუბლი (387 554 დოლარი) იქნა ამოღებული.]

სოხუმის გამრიცხველიანობის მაჩვენებელი მეტად დაბალია და ქალაქში სულ 5200 მრიცხველია დამონტაჟებული. დე ფაქტო ადმინისტრაციას შედგენილი აქვს სია, რომელშიც უკანონო სამფაზიანი დაერთების 2000 მისამართია აღნუსხული.

აფხაზეთის ელექტროსისტემის მოძველებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას რუსეთი ბრმად არ აპირებს და ამის სანაცვლოდ დე ფაქტო მთავრობისგან ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას მოითხოვს. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკის თქმით, თუ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფს არ გაზრდის, რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა ვერ მოგვარდება.

„მხოლოდ ტარიფის ხარჯზე არის შესაძლებელი იმ ქსელების მოვლა და განახლება, რომლებიც აფხაზეთში სერიოზულად გაცვეთილია. სამწუხაროდ, ელექტროქსელში დიდი ხანია, ფული არ ჩადებულა და რაც ახლა იქ ხდება, ამას მხოლოდ ნარჩენების მოვლა-პატრონობა შეიძლება ეწოდოს," - აცხადებს გრაბჩაკი.

მისი თქმით, აფხაზეთის ენერგეტიკის სექტორში მეორე პრობლემა ის არის, რომ ელექტროენერგიის საფასურს, თუნდაც დაბალ გადასახადს, ბევრი არ იხდის. რუსმა ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ თუ ეს ორი საკითხი მოგვარდა, ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტრო აფხაზეთის ენერგოქსელის განვითარებაში ინვესტიციებს განახორციელებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ