20 ოქტომბერს, საერთაშორისო საზოგადოება სტატისტიკის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყველა სტატისტიკოსს მსოფლიო სტატისტიკის დღეს ულოცავს.
„სტატისტიკის მსოფლიო დღედ 20 ოქტომბერი 2010 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაწესდა. ამ დღეს გაეროს სტატისტიკის სამმართველო (UNSD), გაეროს რეგიონული ოფისები და გაეროს წევრი ქვეყნების სტატისტიკის ეროვნული სამსახურები სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.
გლობალური პანდემიის პირობებში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური კვლავ აგრძელებს სტატისტიკური სისტემის ადაპტირებას Covid-19-ით გამოწვეულ მოთხოვნებთან. ვირუსის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების საპასუხოდ, საქსტატი უამრავ სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს, აგრძელებს საერთაშორისო მეთოდოლოგიების და სტანდარტების დანერგვას, აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში და მონაწილეობას იღებს მაღალი დონის შეხვედრებში, რაც განაპირობებს მის უდავო წარმატებას, რითაც ღირსეულ ადგილს იკავებს ევროპის 20 ქვეყანას შორის“,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ოფიციალური სტატისტიკის ძლიერი მომავალი პროფესიულ დამოუკიდებლობაზე, ობიექტურობასა და საზოგადოების ნდობაზეა დაფუძნებული. ეს მიმართულებები ჩვენთვის კვლავაც მნიშვნელოვან პრიორიტეტებად რჩება. მსოფლიო სტატისტიკის დღეს განსაკუთრებული მადლიერება გვსურს გამოვხატოთ ყველა სტატისტიკოსის მიმართ, მათი მნიშვნელოვანი როლისთვის სანდო და დროული სტატისტიკური მონაცემების წარმოებასა და გავრცელებაში. სანდრო მონაცემები ხომ უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად და ეფექტიანი პოლიტიკის შესამუშავებლად“, - აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.