ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობა მზადაა, ინვესტორებს მაქსიმალურად კომფორტული პირობები შესთავაზოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ინვესტორებს საქართველოში მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს სთავაზობს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე განაცხადა, საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობისთვის ჩამოყალიბდა სახელმწიფო ფონდი.

"დაინტერესებული ინვესტორებისთვის მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობა მზად არის, შემოგთავაზოთ მაქსიმალურად კომფორტული პირობები საქართველოში თქვენი ბიზნესის საწარმოებლად. საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობისთვის ჩამოყალიბდა სახელმწიფო ფონდი. ეს არის საპარტნიორო ფონდი, რომელსაც აქვს Fitch-ის რეიტინგი "BB- (Outlook Stable). ის წარმატებულად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს თანაინვესტირების ფონდი. ეს არის კერძო ფონდი, რომლის ბიუჯეტი 6 მილიარდია. ეს ფონდი მოწოდებულია თავისი ბიუჯეტი მიმართოს ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და მრეწველობის სფეროებში მსხვილი საინვესტიციო პროექტების ინვესტირებისკენ, რის შედეგადაც საქართველოში პროექტების განხორციელების დროს უცხოელი ინვესტორისთვის ბიზნესრისკები მნიშვნელოვნად მცირდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში ბიზნესის წარმოებას საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს.

"მინდა შევაჯამო ის უპირატესობები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ბიზნესის წარმოებისა და განვითარების კუთხით გთავაზობთ - ეს არის სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო მყარი სუვერენული ბალანსითა და ძლიერი, კონსერვატიული საბანკო სექტორით; ლიბერალური საგადასახადო სისტემა დაბალი გადასახადების ექვსი ფიქსირებული ტიპით; განვითარებული და მუდმივად მზარდი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ვაჭრობის, ლოგისტიკისა და წარმოებისათვის, რაც მოიცავს მულტიმოდალურ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციებს; სტაბილურად და კონკურენტული ტარიფებით მოწოდებული ენერგორესურსები; კვალიფიციური და კონკურენტულად განფასებული სამუშაო ძალა", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.