საქართველოს სავაჭრო პალატის ორგანიზებით, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით ჩართულ ბიზნეს სექტორთან ,,მიდეას ტრენინგ აკადემიაში“ შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაგდა ბოლოთაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა გახსნეს. „კერძო სექტორის როლი უმნიშვნელოვანესია პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების საქმეში. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება საუკეთესო საშუალებაა როგორც პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ასევე შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და პროფესიულ სტუდენტთა კარიერული პერსპექტივისათვის“, -განაცხადა მაგდა ბოლოთაშვილმა.
საქართველოს სავაჭრო პალატის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, პროფესიული პროგრამების მიმართულებით ჩართულმა კერძო ორგანიზაციებმა სხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს პროგრამების განხორციელების შედეგები, წარმატებული ქეისები და არსებული გამოწვევები გააცნეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სავაჭრო პალატა აქტიურად არის ჩართული პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სერვისის მიწოდებაში და ეხმარება ბიზნესს გახდნენ პროგრამის პროვაიდერები.