საქართველოში ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის სამთავრობო კომისია შეიქმნა

მთავრობის დადგენილებით, საქართველოში ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის სამთავრობო კომისია შეიქმნა.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის სამთავრობო კომისია წარმოადგენს ჯანსაღი ქალაქების საკითხებში საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს.

კომისიის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

  • ქალაქების სოციალურ და პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯანმრთელობის მაღალ დონეზე აყვანის მიზნით დასახული ქმედებების ხელშეწყობა;
  • ადგილობრივ დონეზე ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკისა და მოქმედების დანერგვა, რომელიც ხაზს უსვამს ჯანმრთელობის, ჯანმრთელობის თანასწორობის განმსაზღვრელ და ევროპული პოლიტიკის პრინციპებს: ჯანმრთელობა ყველასათვის და ჯანმრთელობა 2020;
  • ხელი შეუწყოს ინტერსექტორულ და მონაწილეობაზე დაფუძნებულ მმართველობას ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და თანასწორობის საკითხებში ყველა ადგილობრივ პოლიტიკაში და ჯანმრთელობის ინტეგრირებულ დაგეგმვას;
  • პოლიტიკისა და პრაქტიკული გამოცდილების, ჯეროვანი მტკიცებულებების, ცოდნისა და მეთოდების გენერირება ქვეყნის ყველა ქალაქში ჯანმრთელობის ხელშესაწყობად;

კომისიის ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელების შედეგად შემუშავებული პროექტების, წინადადებების, დასკვნების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა.

დადგენილების თანახმად, კომისიის სხდომა იმართება კვარტალში ერთხელ, ხოლო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სხდომა საჭიროებისამებრ დაინიშნოს.

თაია არდოტელი