ირაკლი ღარიბაშვილი: 2015 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტს მიაღწევს

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, 2015 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტს მიაღწევს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებიც ჰქონდეს.

"ესტონეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ნამდვილად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციას უკვე ახორციელებს ერთ-ერთი მოწინავე ესტონური კომპანია "Skinnest Group". "მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპანია ჩვენთან სხვა პროექტების განხორციელებასაც აპირებს და მომავალში, იმედია, სხვა ესტონური კომპანიებიც დაინტერესდებიან საქართველოს შესაძლებლობებით და უფრო მეტი ესტონური ინვესტიცია შემოვა საქართველოში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველო რეგიონის ლიდერი ქვეყანაა სტაბილურობისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს კუთხით.  "საქართველოს ბაზარი სრულიად ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის, და განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს მუშაობის აბსოლუტურად თანაბარი პირობები აქვთ შექმნილი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, 2015 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5%-ს მიაღწევს. მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოში ავტორიტეტული ანალიტიკური ცენტრის Heritage Foundation-ის ბოლო მონაცემებით, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაში და, წინა პერიოდთან შედარებით, შედეგები გაუმჯობესებული აქვს ათიდან ექვს კატეგორიაში, რომელთა შორისაა საჯარო ფინანსების მართვა, აგრეთვე საინვესტიციო გარემოს თავისუფლება და კერძო საკუთრების უფლების დაცულობა", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, 2014 წელს ასევე გაუმჯობესდა ეკონომიკური მაჩვენებლები საერთაშორისო რეიტინგის - Fitch და Moody's-ს მიხედვით: საქართველოს პოზიციები სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა, ხოლო "გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში" ჩვენი ქვეყანა 19 საფეხურით დაწინაურდა.