საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები დაახლოებით, 10-ჯერ გაიზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველომ ტურიზმიდან შემოსავლის სახით ჯამში 161.9 მლნ დოლარი მიიღო, ეს კი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 146.2 მლნ დოლარით მეტია. გარდა ამისა, 2021 წლის სექტემბერში მიღებული შემოსავლები ჩამორჩება წინა თვის მონაცემებს. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან შემოსავლის სახით 198.8 მლნ დოლარი მიიღო.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სექტემბერში საქართველოს 226 662 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. აქედან 209 642 ვიზიტი ტურისტული დანიშნულების იყო. შედეგად გამოდის, რომ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 401%-ით გაიზარდა. ცნობისათვის, 2020 წლის სექტემბერში ტურისტული ვიზიტით საქართველოს 41 823 უცხოელი ეწვია.

ნოდარ სირბილაძე