აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ მედიაჯგუფს Trump Media & Technology Group (TMTG) აყალიბებს, რომელიც ახალ სოციალურ ქსელს შექმნის სახელწოდებით "TRUTH social". ამის შესახებ კომპანიის მიერ პოლიტიკოსის სახელით გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ.
„TMGT-ის მისიაა, შექმნას კონკურენტი ლიბერალური მედიაკონსორციუმის და გასცეს საკადრისი პასუხი სილიკონის ველის კომპანიებს, რომლებიც საკუთარ მონოპოლიურ ძალაუფლებას იყენებდნენ, რათა დადუმებულიყო ამერიკის ოპოზიციური ხმები. TMGT მალე ჩაუშვებს სოციალურ ქსელს სახელწოდებით "TRUTH social", - წერია განცხადებაში.
TMGT გახდება საჯარო კომპანია Digital World Acquisition Group-თან შერწყმის შედეგად, რომლის აქციები უკვე წარმოდგენილია NASDAQ-ის ელექტრონულ ბირჟაზე. თავის მხრივ, სოციალური ქსელისთვის აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისთვის ინტერნეტ-მაღაზიაში App Store. მოსალოდნელია, რომ მისი ბეტა-ვერსია უკვე ნოემბერში გამოჩნდება, ხოლო სრულფასოვანი ამოქმედება 2022 წლის პირველივე კვარტალში მოხდება.
„მე შევქმენი TRUTH Social და TMGT, იმისათვის, რომ გავცე პასუხი ტექნოლოგიური გიგანტების ტირანიას. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც „თალიბანს“ აქვს Twitter-ის ანგარიში, ხოლო თქვენი საყვარელი ამერიკის პრეზიდენტი დაადუმეს“, - აცხადებს დონალდ ტრამპი გავრცელებულ განცხადებაში და დასძენს, რომ მისი მისიაა „მიეცეს ხმა ყველას“.