Carrefour-ს მესამე კვარტლის გაყიდვებში სავალდებულო კოვიდსაშვებმა შეუშალა ხელი

უმსხვილესი საცალო მოვაჭრე Carrefour მესამე კვარტლის შემოსავლებით უკმაყოფილოა. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპაში, ძირითადად კი საფრანგეთის ბაზარზე შემოსავლის ზრდის ტემპმა მოიკლო, რისი მიზეზიც სავალდებულო კოვიდსაშვებია.

მესამე კვარტლის გაყიდვებმა 20,468 მლრდ ევროს (23,83 მლრდ დოლარს) მიაღწია, რაც მეორე კვარტლის 3,6%-იან ზრდას 0,8%-ით ჩამორჩება. საფრანგეთში მეორე კვარტლის 4-პროცენტიანი ზრდის შემდეგ, გაყიდვები მესამე კვარტალში 0,3%-ით შემცირდა. მხოლოდ ფრანგული ჰიპერმარკეტების კვარტალური გაყიდვები 2,8%-ით დაეცა მაშინ, როცა მეორე კვარტალში 4,3%-ით გაიზარდა.

აგვისტოს შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე საფრანგეთში ჯანმრთლობის საშვები მოქმედებდა, რომლის წარდგენაც 20 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის სავაჭრო ცენტრებში სავალდებულო იყო.

„ამან ჰიპერმარკეტების ბიზნესს მეტად დაარტყა,“ - აცხადებს Carrefour-ის ფინანსური დირექტორი, მატიე მალიჟი. თუმცა მისი თქმით, სექტემბრის ბოლოდან კოვიდსაშვების პრობლემა მოიხსნა და ჰიპერმარკეტები აღარ ზარალდებიან.

Carrefour ხარჯების შემცირებისა და ელექტრონულ კომერციაში ინვესტიციების ზრდის ხუთწლიანი გეგმის შესრულების პროცესშია, რომელიც 2018 წელს ჩაუშვა. კომპანია ცდილობს, გაუმკლავდეს ისეთ ონლაინ კონკურენტს, როგორიც Amazon-ია, აგრეთვე, ისეთ დისქაუნთერებს, როგორიც არის Lidl და საცალო მოვაჭრე Leclerc.

მაისში ალექსანდრ ბომპარი Carrefour-ის გენერალურ დირექტორად სამი წლის ვადით ხელმეორედ დაინიშნა. ის აცხადებს, რომ ახალ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს. თვის დასაწყისში კომპანიამ კონკურენტ Auchan-თან გაერთიანებაზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოდ დაასრულა, თუმცა ბომპარი ამბობს, რომ „შეტევას“ განაგრძობს, რადგან მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სუფთა მოგებას ელოდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ