„დაბადებული საქართველოში, დამზადებული იტალიაში“ - ეს ფეხსაცმელების პრემიუმ კლასის ქართული ბრენდი CROSTY-ა, რომელმაც წარმოება საქართველოდან იტალიაში გადაიტანა. ბრენდის პროდუქცია ამ დრომდე საქართველოში იქმნებოდა, თუმცა სრულად იტალიური მასალებით. ამიერიდან კი წარმოებაც იტალიაში განხორციელდება. საქმიანობის ოპერირება და მეთვალყურეობა კი საქართველოდან მოხდება.
CROSTY-ს თანადამფუძნებლისა და კრეატიული ხელმძღვანელის გიორგი მიქაიას განმარტებით, ბრენდის მიზანია საქართველო მსოფლიო მოდის რუკაზე მოინიშნოს. სწორედ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე წარმოების იტალიაში გადატანა გახდა საჭირო.
„პირველივე დღიდან ჩვენ ვქმნით გლობალურ ბრენდს. თავიდანვე ვიცოდით, რომ განვითარების გარკვეულ ეტაპზე წარმოების საქართველოდან გადატანა მოგვიწევდა და დღეს უკვე დავდექით ამ საჭიროების წინაშე. საქართველოში ამ სფეროში საკმაოდ ბევრი პრობლემაა. შესაბამისად, ქართული წარმოება კომპანიის ზრდის ტემპისა და მოცულობისთვის მზად არ აღმოჩნდა. დიდი მონდომება, ძალისხმევა და ენერგია ჩავდეთ, რომ მიგვეღო ხარისხი, რომელსაც დღეს ვქმნით. თუმცა საქართველოში ამ ხარისხითა და დიდი მოცულობით წარმოება ვერ ხერხდება. დაახლოებით 6 თვის წინ დავიწყეთ წარმოების იტალიაში გადატანაზე მუშაობა და ეს პროცესი წარმატებით განხორციელდა. ჩვენი მისიაა, დიდ ბრენდებს კონკურენცია გავუწიოთ, გავხდეთ გლობალური ბრენდი და საქართველო მსოფლიო მოდის რუკაზე მოვნიშნოთ,“ - აცხადებს გიორგი მიქაია.
ქროსთიში წარმოების იტალიაში გადატანის მიზეზებზე საუბრისას განმარტავენ, რომ იტალია ხასიათდება საუკუნოვანი წარმატებული გამოცდილებით ფეხსაცმლის წარმოების სფეროში და სწორედ ასეთი გამოცდილება, უთუოდ არის იმ ხარისხის გარანტი რასაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს. გარდა ამისა ბრენდის გაზრდილი პოპულარობის კვალდაკვალ, როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ, იტალია შეძლებს გაუმკლავდეს წარმადობის საჭირო მასშტაბს.
გარდა უმაღლესი ხარისხისა, კიდევ ერთი სარგებელი რაც იტალიაში წარმოების გადატანამ კომპანიას მოუტანა, ეს არის ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზართან წვდომა. როგორც აღვნიშნეთ ბრენდის პოპულარობა და სნიქერებზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება, მათ შორის ევროპის მიმართულებითაც, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მიწოდება ევროკავშირის შიგნითაც ხდებოდეს, თუმცა ძირითადი სადისტრიბუციო წერტილი და სათაო ოფისი ოპერირებისათვის აუცილებლად საქართველოში დარჩება.
„ამ ეტაპზე კომპანიის ზრდისთვის ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო. თუმცა CROSTY საქართველოშია დაბადებული და ჩვენ აუცილებლად ვეცდებით დაბრუნებას უკვე იტალიური ხარისხის ქარხნით,“ - აცხადებს კომპანიის კომერციული დირექტორი, შოთა მიქაია.
CROSTY-ს უახლოესი მიზანია ბრენდული კონცეპტუალური მაღაზიების მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გახსნა და მომავალი რამდენიმე წელი სწორედ ამ მიმართულებით გააგრძელებს აქტიურ მუშაობას.
CROSTY ბაზარზე ოფიციალურად 2016 წლის ნოემბერში გამოჩნდა. ის მალევე გავიდა ექსპორტზეც. 26 მაისს კი თბილისში პირველი კონცეპტუალური მაღაზიაც გაიხსნა. ნიშურ სეგმენტში ბრენდი კონკურენციას მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს უწევს. CROSTY არაერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა, მათ შორის, სტეფან კარიმ, სინდი ბრუნამ, პატრიკ შვარცნეგერმა, კლეი ტომფსონმა და სხვებმა მოირგეს.
სნიქერების ფასი 500-დან 950-ლარამდე მერყეობს. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ფეხსაცმელი საკუთარ კონცეფციას და გზავნილს ატარებდეს, რომლებიც ბრენდის მთავარ ღირებულებებს ეხმიანება.
(R)