პოლიტიკოსები, საპენსიო სესხის პროცენტის შემცირებაზე ყოველ წელს, ყოველგვარი კვლევისა და ბაზრის შესწავლის გარეშე საუბარს მიეჩვივნენ - გიორგი კაპანაძე

„სხვა კომერციულ ბანკებში 4-ჯერ მეტი სესხია გაცემული 60 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, ვიდრე „ლიბერთი ბანკში“ და გაცილებით მაღალია საპროცენტო განაკვეთი“,- ამის შესახებ „აფბას“ ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ დღეს "ლიბერთი ბანკში" საპენსიო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 30,65%-ს შეადგენს, სხვა კომერციულ ბანკებში 35-დან 49%-მდე მერყეობს.

ცნობისთვის, „აფბა“ ჯანდაცვის სამინისტროსგან საპენსიო ტენდერის განახლებული პირობების გასაჯაროებას ითხოვს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნების წინ პოლიტიკოსები მუდმივად საუბრობენ პენსიებზე, საპენსიო სესხებზე, თუმცა როგორც ჩანს, მათ არ აქვთ არანაირი კონკრეტული კვლევა, არ ხდება ბაზრის შესწავლა მათი მხრიდან, არ აკეთებენ არანაირ ანალიზს და მათი განცხადებები დამყარებულია მხოლოდ პენსიონერების ხმების მოპოვებაზე და პოპულისტურ განცხადებებზე.

გამოქვეყნდა კვლევა და დავინახეთ, რომ სხვა კომერციულ ბანკებში 4-ჯერ მეტი სესხია გაცემული 60 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, ვიდრე „ლიბერთი ბანკში“ და გაცილებით მაღალია საპროცენტო განაკვეთი. თუ დღეს „ლიბერთი ბანკში“ უფრო თაობის ასაკის წარმომადგენლებისთვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 30,65%-ს სხვა ბანკებში იმავე სეგმენტისთვის მერყეობს დაახლოებით, 35-დან 49%-მდეც კი. ანუ, აღმოჩნდა, რომ „ლიბერთი ბანკს“ აქვს საბაზრო საპროცენტო განაკვეთი, შესაბამისად ასე ხელაღებით საუბარი და განცხადებების გაკეთება, რომ შევამცირებთ საპროცენტო განაკვეთს, მით უმეტეს, როდესაც არ ამბობენ როგორ შეამცირებენ ამას, გაუგებარია. ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ვხვდებით ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც არც იციან რამდენია საპროცენტო განაკვეთი. თითქოს დაილექა პოლიტიკოსების გონებაში, რომ ყოველ წელს უნდა დაიწყონ ამაზე საუბარი, თუმცა ისე, რომ არც ბაზარი შეისწავლონ და არც კითხვა დასვან, როგორ შევძლებთ ამ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას“,- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ნინი ქეთელაური