მსოფლიოში ოქრო ისევ ძვირდება - მიზეზი ინფლაციის ზრდაა

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ინფლაციის ზრდის და ამ პროცესის გაგრძელების საშიშროების ფონზე, ოქროზე, როგორც რისკებისგან დაცვის აქტივზე, მოთხოვნა იზრდება. ეს კი მასზე ფასის ზრდას იწვევს.

თუმცა არსებობს ფაქტორი, რომელიც ოქროს გაძვირებას ზღუდავს. ესაა შეერთებული შტატების სახაზინო ბონდებზე მომგებიანობის ზრდა. ამერიკული ბონდებიც რისკებისგან თავშესაფარი აქტივია, რომლის მომგებიანობის ზრდა, კიდევ ერთი უსაფრთხო აქტივის, დოლარის გამყარებას იწვევს. შესაბამისად, დოლარის სიმყარე ოქროს გაძვირებას ზღუდავს.

ამ ყველაფრის ფონზე, დღეს შუადღისთვის ტროას უნცია (31.1034 გრამი) ოქროს ფასი 0.3 პროცენტით, 1 787.2 დოლარამდე გაიზარდა. აშშ-ის 10-წლიანი ბონდების მომგებიანობამ კი ბოლო ხუთი თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.

„ზოგადად, ბონდების მომგებიანობის ზრდა, ოქროსთვის უარყოფითი ფაქტორია. მაგრამ ამჟამად ბაზარზე ინფლაციური ზეწოლა ძლიერდება, რისი ერთ-ერთი ფაქტორიც, ნავთობზე ფასის მატებაა. ეს კი ძლიერი სტიმულია იმისთვის, რომ ოქროზე მოთხოვნა გაიზარდოს“, - ამბობს „თინკმარკეტსის“ ანალიტიკოსი ფავად რაზაკზადა.

UBS-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ინფლაციის ზრდა და ამის ფონზე, ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპის კლება, ძვირფას მეტალებზე მოთხოვნის და შესაბამისად, ფასის ზრდას იწვევს და ეს ფაქტორი ბაზარზე 1-2 თვით დარჩება. შვეიცარიული ბანკის პროგნოზით, მომავალ წელს ოქროს ფასი კლებას დაიწყებს და მარტში 1 700, დეკემბერში კი 1 600 დოლარამდე დაიწევს.

ოქროს გაძვირების პარალელურად, ოდნავ შემცირდა პალადიუმის ფასი, რომლის უნციაც (28.349 გრამი) 2 068.5 დოლარი ღირს. შესაბამისად, 24.27​ და 1 050.47 დოლარი ღირს უნცია ვერცხლი და პლატინა.

ცნობისათვის, წლის დასაწყისში ოქროს ფასი 1 960.45 დოლარის დონეზე იყო, მარტში კი წლის მინიმუმი - 1 677.97 დოლარი დააფიქსირა. მაისის ბოლოს ფასი 1 916.78 დოლარამდე გაიზარდა, აგვისტოში კი წლის მინიმუმს მიუახლოვდა. ოქროზე რეკორდული ფასი შარშან აგვისტოში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაფიქსირდა - 2 073.05 დოლარს მიღწია.