საქართველოში შემოყვანილი ყოველი მეორე მანქანა მარჯვენასაჭიანია

ავტომობილების რაოდენობა მილიონს აღწევს, მარტო შარშან ქვეყანას 90 ათასამდე მანქანა შეემატა

რეექსპორტის კლების მიუხედავად, საქართველოში ბოლო 3 წლის განმავლობაში ავტომობილების იმპორტი 31%-ით გაიზარდა. თუ 2012 წელს ქვეყანაში სულ 67 099 ავტომობილი შემოვიდა, 2014 წლის 11 თვეში საქართველოში შემოყვანილი მანქანების საერთო რაოდენობამ 87 987 ერთეული შეადგინა. საერთო ჯამში კი, ქვეყანაში ავტოტრანსპორტის რაოდენობა დაახლოებით ერთ მლნ-ს შეადგენს.

ქვეყნის ავტოპარკის 1/3 შესაბამის ტექნიკურ შემოწმებას ვერ გაივლის. ამიტომ სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ავტომანქანების იმპორტზე გარკვეული შეზღუდვა უნდა დაწესდეს, მათ შორის, მარჯვენასაჭიანებზეც. გარდა ამისა, "ევრო 3"-ზე ასაკოვანი ავტოტრანსპორტის იმპორტისთვის საქართველოს კარი სამუდამოდ უნდა ჩაიკეტოს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში სულ 87 987 მსუბუქი ავტომანქანის იმპორტი განხორციელდა, რაც 2012 წლის საერთო მაჩვენებელზე 31%-ით მეტია. 2012 წელს ქვეყანაში სულ 67 099 მსუბუქი ავტომანქანა შემოვიდა. რაც შეეხება 2013 წელს, შარშანწინ ქვეყანაში სულ 81 250 ავტომობილი შემოვიდა.

საიმპორტო ქვეყნებში პირველი ადგილი იაპონიას უკავია. 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, იაპონიიდან ავტომანქანების იმპორტი დაახლოებით 183%-ით გაიზარდა. თუ 2012 წელს ამომავალი მზის ქვეყნიდან 14 184 ავტომობილი შემოვიდა, 2014 წლის 11 თვეში იმპორტირებული ავტომანქანების რაოდენობამ 40 101 ერთეული შეადგინა, რაც იმპორტის საერთო მაჩვენებლის დაახლოებით 45%-ია. მეორე და მესამე ადგილს აშშ-დან და გერმანიიდან იმპორტირებული მანქანები იკავებს. "საქსტატის" მონაცემებით, 2014 წელს ამერიკიდან სულ 19 945 მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, გერმანიიდან კი - 16 968 ერთეულის. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მანქანების იმპორტი წლიურად 2 ათას ერთეულს არ აჭარბებს.

"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელი, ავტოექსპერტი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყნიდან რეექსპორტი მნიშვნელოვნადაა შემცირებული, 11 თვეში 87 ათასი ავტომანქანის იმპორტი ჩვენი ბაზრისთვის ძალიან დიდი მაჩვენებელია.

"11 თვეში 87 987 ავტომანქანის შემოყვანა არის პარადოქსი და არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. როდესაც ავტოდილერებთან მაქვს საუბარი, ყოველთვის ჩივიან, რომ მანქანების რეალიზაციას ვერ ახერხებენ და როგორ შემოვიდა ამ რაოდენობის მსუბუქი ავტომობილი შარშან, ძალიან მიკვირს. რაც შეეხება იაპონიიდან ავტომობილების იმპორტის მატებას, ეს გასაგებია. იქ ყიდულობენ იაფად და უკეთეს მდგომარეობაში მყოფ მანქანას, ვიდრე სხვაგან. იაპონიაში ავტომობილი ბევრს არ დადის და ამიტომაც ის უფრო ახალი, მოვლილი და მოწესრიგებულია. მანქანების დიდი ნაწილი, დაახლოებით 80% არის მარჯვენასაჭიანი, საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურა, საგზაო მორძაობა კი მარცხენასაჭიანებისთვისაა გათვლილი და აწყობილი. ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია ფიქრობს, რომ გარკვეული შეზღუდვა თუ არ მივიღეთ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებით, ეს სამომავლოდ ქალაქში გადაადგილებას კიდევ უფრო გაართულებს. იაპონიიდან ავტომობილების შემოყვანაზე გარკვეული შეზღუდვა უნდა დაწესდეს. ვაპირებთ, შევიმუშავოთ საკანონმდებლო ცვლილებები ამ მიმართულებით და წარვუდგინოთ პარლამენტს," - აცხადებს მესხიშვილი.

აღსანიშნავია, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შესახებ სტატისტიკა არ წარმოებს, ასევე უცნობია საქართველოს ავტოპარკში რა წილი უჭირავს მარჯვენასაჭიან ავტომანქანებს. რაც შეეხება საცობებს, მესხიშვილის თქმით, ამ პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია, რომ საგზაო მოძრაობის სტრატეგია, როგორც სახელმწიფო დოკუმენტი, შეიქმნას.

"ამ სტრატეგიამ უნდა მოაწესრიგოს დისტრიბუციის მანქანების მუშაობა, დასუფთავების მანქანების მოძრაობა, რომლებიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში ღამე გადაადგილდებიან. საჭიროა დამატებითი პარკირების ადგილების შექმნა, უნდა დარეგულირდეს ქვეითების მოძრაობა და ა.შ. ვიცით, რომ მერიაში იქმნება კომისია, რომელიც, სამწუხაროდ, არა სტრატეგიაზე მუშაობას, არამედ ნაგლეჯ-ნაგლეჯ პროექტების განხორციელებას აპირებს. ეს კი საცობების პრობლემას ვერ მოაგვარებს. თანაც, რა პროექტი უნდა განხორციელდეს წელს, როდესაც 2015 წლის ბიუჯეტში არაფერზე, გარდა თავისუფლებაზე ასაშენებელი ესტაკადისა, თანხა არ არის გამოყოფილი. ამ დროს კი თბილისში ყველაზე პრობლემური ადგილები სააკაძისა და გმირთა მოედნებია", - დასძინა დავით მესხიშვილმა.

იმისათვის, რომ თბილისში არც საცობები იყოს და ავტოპარკიც განახლდეს, გარდა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის შეზღუდვისა, აუცილებელია, საქართველომ აზერბაიჯანს აუბას მხარი და გარკვეული შეზღუდვა დააწესოს ავტომობილების იმპორტზე.

"მისასალმებელია ტექდათვალიერების შემოღება, მაგრამ კარგი იქნება თუ დაწესდება შეზღუდვა ძველი ავტმობილების შემოყვანაზე. ძველი მანქანები კი, რომლებიც საქართველოშია, თანდათან გაიწოვება და საავტომობილო პარკიც განახლდება. აზერბაიჯანმა ამ შემთხვევაში მისთვის კარგი ნაბიჯი გადადგა, ისინი აახლებენ საავტომობილო პარკს. ეს არის უმტკივნეულო, სწორი ტაქტიკა და არ იქნება ურიგო თუ ჩვენც ავუბამთ მხარს და ვიფიქრებთ ჩვენი ავტოპარკის განახლებაზე. ძველი მანქანები, რომლებიც საქართველოში შემოდის, ვეღარსად გადის და რჩება ისევ აქ. როდესაც ტექდათვალიერება დაიწყება, ეს ძალიან მტკივნეული საკითხი იქნება", - დასძინა დავით მესხიშვილმა.

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის შალვა ოგბაიძის განცხადებით, იმპორტის ზრდა არასასურველი მოვლენაა და კარგ პარამეტრად არ შეიძლება ჩაითვალოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ისეთი ავტომობილების იმპორტის ზრდას, რომლებიც 1-2 წელიწადში ჯართად იქცევა.

"შარშან ვამბობდი, საქართველოს აქვს პერსპექტივა, რომ გადაიქცეს ევროპის ელიავას ბაზრობად. შეიძლება უკვე გადაიქცა კიდეც მეორადი მანქანების სასაფლაოდ. ამიტომ უნდა ვიფიქროთ საავტომობილო პარკის განახლების პროგრამაზე, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს დრაკონული კანონების ფონზე. პირველ რიგში, 2016 წლიდან მაინც ქვეყანაში არ უნდა შემოვიდეს ევრო-3-ის სტანდარტზე ხნოვანი მანქანები. აუცილებელია, რომ ეკოლოგიურად უსაფრთხო და ეკონომიური მანქანები ნაკლებად იბეგრებოდეს, მათ შორის, ჰიბრიდულები. დიფერენცირება საჭიროა, არ შეიძლება ავტომობილი, რომელიც 100კმ-ზე 5-6 ლიტრს საწვავს მოიხმარს, იბეგრებოდეს ზუსტად ისე, როგორც მანქანა, რომელიც 100 კმ-ზე 25-27 ლიტრს წვავს. საქართველოში უნდა იაროს შედარებით ახალმა ავტომობილებმა. ეს იქნება ამ პრობლემიდან გამოსავალი, რომელიც დღეს აშკარაა", - დასძინა ოგბაიძემ.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"