უკრაინა ევროკავშირში წყალბადის ექსპორტს 2024 წლამდე დაიწყებს

უკრაინა, ოპტიმალური სცენარის მიხედვით, ევროკავშირში წყალბადის ექსპორტს 2024 წლამდე შეძლებს. წყალბადის მიღება კი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა.

„ევროკავშირმა აღნიშნა უკრაინა, როგორც პრიორიტეტული პარტნიორი ევროპელი მომხმარებლებისთვის ენერგიის ახალი წყაროს მიწოდებაში. ჩვენ გვაქვს რესურსები, პოლიტიკური ნება და ამბიცია გავხადოთ უკრაინა „მწვანე“ წყალბადის საკვანძო მიმწოდებელი ევროკავშირისთვის. ამ ტიპის პროექტები უკვე ამოქმედებულია და ოპტიმისტური სცენარით ჩვენ 2024 წლამდე შევძლებთ პირველ საექსპორტო მიწოდებას“, - განაცხადა კულებამ.

ამასთან „უკრაინის ნაფთოგაზის“ ხელმძღვანელის იური ვიტრენკოს განცხადებით, უკრაინას 5 წელიწადში შეეძლება საკუთარი თავის სრულად მომარაგება ბუნებრივი გაზით და მის იმპორტზე უარის თქმა. ამ მიზნის მისაღწევად კი მან სხვა საშუალებების გარდა დაასახელა უკრაინაში ბიოგაზის წარმოება.

„თუ ფართო სურათს შევხედავთ, თვითკმარობის მისაღწევად, საკუთარი ბუნებრივი აირის მოპოვების ნაცვლად, ასევე უნდა გავზარდოთ ბიოგაზის წარმოების მოცულობა“, - განაცხადა მან.

ვიტრენკოს განცხადებით, უკრაინას ბიოგაზის წარმოების უდიდესი პოტენციალი აქვს.

კოკა კვირკველია