მსოფლიოს უმსხვილესმა ბანკებმა და საინვესტიციო ფონდებმა, 2016 წელს მიღებული პარიზის კლიმატის შესახებ შეთანხმებიდან მოყოლებული ამ დრომდე, ჯამში 119 მილიარდი დოლარის დაფინანსება გასცეს აგრობიზნესკომპანიებზე, რომლებიც დაკავებული არიან ტყის მოჭრით. ამის შესახებ გაზეთი Financial Times საერთაშორისო კვლევით არასამთავრობო ორგანზიაცია Global Witness-ის ანგარიშზე დაყრნობით წერს.
გამოცემის მონაცემებით, წამყვანი მსოფლიო კრედიტორები JPMorgan Chase, HSBC და Bank of America იყვნენ ერთ-ერთი მთავარი სპონსორები ამგავრი კომპანიებისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ ბანკების უმეტესობამ ნებაყოფლობით აიღეს ვალდებულება ტყეების გაჩეხვის და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, ისინი განაგრძობენ ურთიერთობებს კომპანიებთან, რომლებიც დაკავებულნი არიან ტყის მოჭრით“, - განაცხადა Global Witness-ის წარმომადგენელმა კოლინ რობერტსონმა.
HSBC-ის ცნობით, ანგარიშის გავრცელების შემდეგ ბანკმა უარი თქვა რამდენიმე კონტრაქტზე - „ახლა იმყოფება რამდენიმე კონტრაქტის გაწყვეტის სტადიაში და არ გააჩნია კავშირი ანგარიშში ნახსენებ კომპანიების უმეტესობასთან“.
BNP Paribas-ის ცნობით კი, კომპანიების ჩამონათვალი „ფაქტობრივად, არ განსაზღვრავს გაუტყევების მეთოდებს, არამედ უფრო ახდენს კომპანიების რანჟირებას, რომელთა საქმიანობა შესაძლოა, საფრთხის მომტანი იყოს ტყისთვის. დაფინანსების შეწყვეტა სარისკო სექტორებში არ აისახება დადებითად მათ საქმიანობაზე, ვინაიდან მათ შეუძლიათ მიმართონ სხვა კრედიტორ კომპანიებს“, - აცხადებენ ბანკში.
სხვა ბანკებმა კი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.
გაეროს მონაცემებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში გაუტყევების ტემპები შენელდა, მიუხედავად იმისა, რომ 1990-2020 წლებში დაიკარგა 420 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის მასივი. ყოველწლიურად ტყის ხანძრების, ბუნებრივი სტიქიების, უკანონო ჭრის და მავნე-მწერების გავლენის შედეგად ნადგურდება 13 მილიონი ჰექტარი ტყე. 2017 წელს გაერომ მიიღო 2030 წლამდე მოქმედების სტრატეგიული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ტყის მასივების ფართობის 3%-ით გაზრდას (120 მლნ ჰა) და სიღატაკის აღმოფხვრას იმ მოსახლეობაში, რომელთა სასიცოცხლო საქმიანობა სრულად დამოკიდებულია ტყეებზე.
2019 წლის მარტში კი გაერომ 2021-2030 წლები გამოაცხადა ეკოსისტემების აღდგენის ათწლეულად. ინიციატივა მოიცავს 350 მილიონი ჰექტარი ტყის აღდგენას მთელს მსოფლიოში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ატმოსფეროდან 13-26 გიგატონა სითბური აირების გაწოვას.