„აბსოლუტური სტაგნაციაა ჯავშნების მიმართულებით“ - რა მოლოდინი აქვთ ჰოტელიერებს ზამთრის საკურორტო სეზონისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის ტურისტული სეზონამდე ცოტა დრო დარჩა, საქართველოს კურორტებზე მდებარე სასტუმროების ნაწილში უცხოელების მხრიდან ჯავშნები პრაქტიკულად, აღარ კეთდება. ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამის მიზეზი ბოლო პერიოდში ეპიდვითარების დამძიმება გახდა.

„მზადება კი დაწყებული გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით აბსოლუტური სტაგნაციაა ჯავშნების მიმართულებით. ხოლო ბოლო ერთი კვირაა საერთოდ შეწყდა. ამიტომ პოზიტიური მოლოდინები არ გვაქვს.

რა მოლოდინებიც ჩვენ გვქონდა აგვისტოში ზამთრის თვეზე, ან სექტემბერში, ის მოლოდინები აღარ გვაქვს. აქედან გამომდინარე საქართველოში ისევ შიდა ტურიზმის იმედად დავრჩებით, რომელიც შემოსავლების საკმაოდ მცირე ნაწილია.

მესტიის და გუდაურის მაგალითზეც, ორივე მიმართულებით ჯავშნები მცირე რაოდენობით იყო დაწყებული, თუმცა ეს მდგომარეობა გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე შეიცვალა. და თუ აქამდე რამდენიმე თვით და ერთი წლით ადრე შემოდიოდა ჯავშნები, ახლა საერთოდ აღარ შემოდის,“- ამბობს მაია მურაჩაშვილი.

ცნობისათვის, საქართველოში ტრადიციულად ზამთრის საკურორტო სეზონი დეკემბრის დასაწყისში იწყება. არსებული ეპიდვითარების გამო, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიხსნება ოფიციალურად საკურორტო სეზონი.

ქრისტინე კაპანაძე