აფხაზეთში უძველესი ტყვიის სარკოფაგი რუსმა ექსპერტებმა გახსნეს - რუსები აფხაზებს ისტორიულ არტეფაქტებსაც არ ანდობენ

სოხუმში ჩასულმა რუსმა ექსპერტებმა V საუკუნის მეორე ნახევრისა და VI საუკუნის ტყვიის სარკოფაგი გახსნეს, რომელიც, „აფსნიპრესის“ ცნობით, აფხაზურ-რუსული ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში აგვისტოში, ქალაქ ოჩამჩირის ტერირტორიაზე იქნა ნაპოვნი.

გახსნილ სარკოფაგში მხოლოდ ჩონჩხის ნაშთი აღმოაჩინეს, რაც ცუდად არის შემონახული. ექსპერტების ვარაუდით, ნაშთის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა ტერიტორიის მაღალმა ტენიანობამ და თავად სარკოფაგის მასალამ იქონია, რაც მათ შენარჩუნებას ხელს არ უწყობს. შემდგომ შესწავლაში ანთროპოლოგები ჩაერთვებიან. ისინი გენეტიკურ და სხვა ანალიზებს ჩაატარებენ, რის შემდეგაც სპეციალისტებს სარკოფაგში დამარხული ადამიანის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია ექნებათ.

ჯერჯერობით არქეოლოგები უფრო იმ ვერსიისკენ იხრებიან, რომ ეს იყო მამაკაცი, რომელიც სასულიერო პირს ან თავადაზნაურობის წრეს წარმოადგენდა. სარკოფაგში ნაშთის გარდა, სხვა ნივთი არ აღმოჩნდა.

მათი მტკიცებით, ეს ამ დროისთვის პირველი ტყვიის სარკოფაგია, რომელიც კავკასიაში იქნა ნაპოვნი. მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის თურქეთში, ინგლისსა და საფრანგეთში სულ 40-მდე ტყვიის სარკოფაგია ნაპოვნი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ