გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შოკოლადის ერთ-ერთ მსხვილ საწარმოში, კამილ ბლოხის შოკოლადის ფაბრიკაში იმყოფებოდა.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფაბრიკის მფლობელმა, დანიელ ბლოხმა მინისტრს შოკოლადის წარმოების სრული ციკლი თავად გააცნო.
უწყების ცნობით, შვეიცარიის ქალაქ ქურთლარში არსებული კამილ ბლოხის ფაბრიკა შოკოლადის ექსპორტს მსოფლიოს უმსხვილეს ქვეყნებში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ახორციელებს.
„პროდუქცია გამორჩეული ტექნოლოგიით, თხილით, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკიდან იმპორტირებული კაკაოს მარცვლისგან მზადდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კომპანიამ საქართველოში ქართული თხილის ბაღების გაშენება დაიწყო, რისთვისაც, ჯამში 15 მლნ ევრომდე ინვესტიციას განახორციელებს და სეზონურად 150-მდე ადგილობრივ მოსახლეს დაასაქმებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს იქნება მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის პროექტი, რომელიც ქვეყანაში დამატებით ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს მოიტანს. მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ გადადგმულმა თანმიმდევრულმა აგროპოლიტიკამ საერთაშორისო ბაზრებზე თხილის სექტორის სანდოობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამასთან, აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული თხილის მიმართ ინტერესი იზრდება.