მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრაკონიერებმა 24 კგ. ხრამულისა და ნაფოტას ჯიშის თევზი აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობით მოიპოვეს.

"სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ უკანონოდ მოპოვებული თევზი და აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოში გადაიგზავნება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.