10 ყველაზე მოთხოვნადი პროფესია საქართველოში

bpn.ge დაუკავშირდა დასაქმების რამდენიმე სააგენტოს და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების დასახელება სთხოვა

უმუშევრობა თანამედროვე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის უმთავრესია. სწორედ უმუშევრობით უნდა აიხსნას ის, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი უცხოეთში საქმიანობს და უკან დაბრუნებას არ ჩქარობს. თუმცა, საქართველოშიც არის პროფესიები, რომლებზეც მოთხოვნა მაღალია. როგორც წესი, ამ პროფესიის წარმომადგენლები სამსახურს შედარებით იოლად შოულობენ და მათზე მოთხოვნაც უფრო მაღალია. bpn.ge დაუკავშირდა დასაქმების რამდენიმე სააგენტოს და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების დასახელება სთხოვა.

როგორც სააგენტო hr.ge-ს რეგიონულმა მენეჯერმა, ინგა შახბაზიანმა გვითხრა, პირველი ადგილი ამ მხრივ გაყიდვების კატეგორიას უკავია - მისი წილი ვაკანსიებს შორის დაახლოებით 20 პროცენტია, შემდეგ მოდის სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურე პესონალი - 10 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზე ადმინსიტრაციული თანამდებობებია - 8 პროცენტით. ამის შემდეგ უკვე სხვა პროფესიები მოდის.

მენეჯერებისა და ფინანსისტების უპირატესობაზე საუბრობს პროექტ job.geo.com-ის მენეჯერი დავით არველაძეც: ”ჩვენი სააგენტოს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტი მოთხოვნა გაყიდვების მენეჯერის პროფესიაზეა - ვაკანსიების 30 პროცენტი სწორედ გაყიდვების მენეჯერის პოსტზე შემოდის, შეიძლება სახელების კომბინაცია სხვადასხვა იყოს, მაგრამ რეალურად სხვადასხვა პროდუქციის რეალიზატორები სჭირდებათ. ამავე კატეგორიაში შედის დისტრიბუციაც - როგორც საცალო, ასევე საბითუმო გაყიდვები, ასევე მარკეტინგის სპეციალისტები და ოფის-მენეჯერები. ხშირად სჭირდებათ ბუღალტრები და ადმინისტრაციული პერსონალიც. გარდა ამისა, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია პროგრამისტებზე და კომპიუტერის სპეციალისტებზეც. ისინი თითქმის ყველგან სჭირდებათ, ამიტომ, კომპიუტერის სპეციალისტი ერთ-ერთ მოთხოვნად და პერსპექტიულ სპეციალობად შეიძლება დასახელდეს საქართველოში”.

როგორც ჩანს, თბილისში საკმაოდ მაღალია მოთხოვნა ძიძებსა და დამხმარე ქალბატონებზე, რომლებსაც ძირითადად, მაღალშემოსავლიანი ოჯახები ქირაობენ. ამის შესახებ შპს ”გადიას” გენერალურმა დირექტორმა თამარ ფარულავამ გვითხრა: ”ჩვენს ქვეყანაში საქმიანი ქალების რიცხვი თანდათან იზრდება, ამიტომ, ხშირად ხდება, რომ დედა მთელი დღე სამსახურშია და ბავშვისთვის ძიძის აყვანა აუცილებელია. ძალიან ბევრი მსურველი გვყავს და შესაბამისი ვაკანსიებიც გვაქვს, მაგრამ მხოლოდ გამოცდილ კადრებს ვანიჭებთ უპირატესობას. უკვე მეათე წელია, რაც ჩვენი ფირმა არსებობს და ბოლო წლებში ძიძებზე მოთხოვნა აშკარად გაიზარდა. კარგ ძიძას 450 ლარიდან 1000 ლარამდე უხდიან, გააჩნია, რა დროს ატარებს ის ბავშვთან და როგორია მოლაპარაკების პირობები. გარდა ძიძებისა, მაღალშემოსავლიან ოჯახებს ხშირად სჭირდებათ დამხმარე ქალბატონები და ამ ვაკანსიასაც გვიკვეთავენ”.

კომპანია ”ბრეინ სორს ინტერნეიშენალის” მმართველი პარტნიორი საქართველოში, ნიკოლოზ ნამორაძე, ძირითადად საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობს და ამბობს, რომ მათ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები აქვთ: ”ჩვენი ძირითადი კლიენტები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც თავიანთი წარმომადგენლობები აქვთ საქართველოში. მათ სურთ აქაურ ოფისებში ქართველი სპეციალისტები დასაქმდნენ და ადგილობრივ კადრებს გვიკვეთავენ. სხვათა შორის, ამ ორგანიზაციებს ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვთ: გარდა გამოცდილებისა და ენების ცოდნისა, ბევრ რამეს აქცევენ ყურადღებას. დავუშვათ დრესკოდს, იმას, თუ როგორ მიდის ადამიანი გასაუბრებაზე: როდესაც საერთაშორისო კომპანიის გენერალური მენეჯერი გინდა გახდე და გასაუბრებაზე ჯინსებსა და სვიტერში გამოწყობილი მიხვალ, ეს მათთვის მიუღებელია და ამ გასაუბრების შედეგზეც აისახება...

ახლა რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს - პირველ რიგში გაყიდვები უნდა დავასახელო - იქნება ეს გაყიდვების მენეჯერი, სპეციალისტი, ასევე მარკეტინგის მენეჯერი, თუ ბრენდმენეჯერი. საკმაოდ მოთხოვნადია ფინანსური მენეჯერისა და დირექტორის სპეციალობებიც, ასევე - მოლარისა და ბუღალტრის, მაღალია მოთხოვნა ლოჯისტიკისა და გადაზიდვის სფეროს სპეციალისტებზეც - იქნება ეს სახმელეთო, სარკინიგზო, თუ საზღვაო გადაზიდვები. ასევე მოთხოვნადია საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებიც – აიტი მენეჯერი, პროგრამისტი, ვებგვერდის დეველოპერი და ა.შ... ფარმაცევტულ კომპანიებსაც აქვთ ვაკანსსიები, მაგრამ ისინი ძირითადად დირექტორებისა და ხელმძღვანელების ვაკანსიებს გვიკვეთავენ. ეს ის ვაკანსიებია, რომლებიც ჩვენს პრაქტიკაში ძალზე ხშირად გვხვდება, რაც შეეხება იურისტს, ან ფილოლოგს, მათი რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში საკმარისია და როგორც ჩანს, კარგი იურისტისა და ფილოლოგის მოძებნა რთული არ არის”.

P.S. დასაქმების სააგენტოების მიერ დასახელებული ვაკანსიების მიხედვით ნათელი ხდება, რომ საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების სია დაახლოებით ასეთია: მენეჯერი, ფინანსისტი, მოლარე-ბუღალტერი, ადმინისტრატორი, ფარმაცევტი, მზარეული, მიმტანი, ძიძა, სტილისტი, დისტრიბუტორი. ოღონდ, სამსახურის მაძიებლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ორი რამ: მათი კომპეტენცია საკმაოდ მაღალი უნდა იყოს, ხოლო მათ მიერ შესრულებული სამუშაო დამსაქმებლის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე