ლუქსემბურგი კანაფის მოყვანა-მოხმარების ლეგალიზებით ევროპის პირველი ქვეყანა გახდა

ლუქსემბურგში 18 წელზე მეტი ასაკის პირებს საშუალება ექნებათ, საკუთარ ბაღებსა და სახლებში 4 ერთეული კანაფის მცენარე მოაშენონ. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის განცხადებაში არის ნათქვამი.

The Guardian-ის შეფასებით, ლუქსემბურგი ევროპის პირველი ქვეყანა გახდება, სადაც მსუბუქი ნარკოტიკის კულტივაცია და გამოყენება დაკანონდება. მთავრობაში აცხადებენ, რომ კანაფის რეკრეაციული მოხმარებისა და კულტივაციის მიმართ, მისი გამოყენების აკრძალვის წარუმატებლობის შემდეგ, სამთავრობო მიდგომა ფუნდამენტურად შეიცვლება.

ახალი კანონის თანახმად, 18 წელზე მეტი ასაკის პირებს საშუალება ექნებათ, თითო ოჯახში ოთხი კანაფის მცენარე პირადი მოხმარებისთვის ლეგალურად გაზარდონ. ასევე, დაიშვება კანაფის თესლით ვაჭრობა ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) დონისა და რაოდენობის შეზღუდვის გარეშე, რაც მცენარის მთავარი ფსიქოაქტიური კომპონენტია.

მთავრობამ განაცხადა, რომ თესლის შეძენა მაღაზიებში, იმპორტით ან ონლაინით იქნება შესაძლებელი. საჯარო ადგილებში კანაფის ან კანაფის პროდუქტების მოხმარებასა და ტრანსპორტირებაზე აკრძალვა გაგრძელდება. ძალაში რჩება, ასევე, კანაფის ან კანაფის პროდუქტებით ვაჭრობის აკრძალვა, რაც მცენარის თესლით ვაჭრობას არ შეეხება. თუმცა, კანონმდებლობის შერბილების შემდეგ, 3 გრამამდე კანაფის მოხმარება და ტრანსპორტირება სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ ჩაითვლება და მხოლოდ „გადაცდომით“ დაკვალიფიცირდება.

სამთავრობო წყაროების თანახმად, ახალი კანონის ლიბერალიზაცია მოსახლეობაში „საკუთარ ოთხ კედელში“ მოხმარებისა და კულტივირების მზარდი სურვილით იყო განპირობებული. ეს არის პირველი ნაბიჯი კანაფის უფრო ფუნდამენტური სამთავრობო რეგულირებისკენ, რომელიც არალეგალური ბაზრისგან მომხმარებელთა ჩამოშორებას ისახავს მიზნად. კანონმდებლობის გადასინჯვა ლუქსემბურგელი „ლიბერალების“, სოციალ-დემოკრატებისა და „მწვანეების“ კოალიციური შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, რაც 2 წლის წინ გაფორმდა.

თავისი გადაწყვეტილებით ლუქსემბურგი კანადას, ურუგვაისა და აშშ-ს 11 შტატს შეუერთდა, რომელებიც ნარკოტიკული საშუალებების კონტროლის შესახებ გაეროს კონვენციას არღვევენ. კონვენცია ხელმომწერ ქვეყნებს ავალდებულებს, „შეზღუდონ ნარკოტიკების, მათ შორის კანაფის წარმოება, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა და შენახვა, სამედიცინო და სამეცნიერო მიზნების გარდა.”

ნიდერლანდებში, რომელიც კანაფის თავისუფალ მოხმარებასთან ასოცირდება, კანაფის რეკრეაციული გამოყენება, ფლობა და მისით ვაჭრობა ტექნიკურად უკანონოა. ქვეყანა „ტოლერანტობის პოლიტიკას“ ანუ gedoogbeleid-ს მისდევს, რომლის ფარგლებშიც კანაფის რეკრეაციული გამოყენება ზოგადად შეზღუდულად ითვლება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ